არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) პროექტის ფარგლებში (რომელსაც ბიოლის ფონდი ახორციელებს და ევროკავშირი აფინანსებს) მოამზადა საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ. კვლევის ფარგლებში (რომელიც რეპრეზენტატულია) მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა მისი შედგებისა და ძირითადი მიგნებების შესახებ WISG-ის წარმომადგენელი ეკა აღდგომელაშვილი წინასწარ გვესაუბრება.
კვლევის მიზანი იყო რეალური სურათის შექმნა საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ დაგვეგეგმა გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ დაიძლიოს ნეგატიური განწყობები ლგბტ ჯგუფის მიმართ. როდესაც ვლაპარაკობთ ასეთი რთული ტიპის ძალადობასა და დისკრიმინაციაზე, ბუნებრივია, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ტიპის ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს.
კვლევა მოიცავს როგორც თვისობრივ ნაწილს, ისე რაოდენობირვ გამოკითხვას. ეს კვლევა რეპრეზენტატულია და ის ასაკის, სქესის განაწილების და რეგიონების მიხედვით ასახავს საქართველოს მოსახლეობის აზრს. ეს პირველი ასეთი კვლევაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.
თუ შეიძლება, რომ გაგვაცნოთ მისი ძირითადი მიგნებები, მოსახლეობის რამდენი პროცენტი ავლენს ჰომოფობიურ ან ტრანსფობიურ განწყობებს, ჯამში, ასეთი დასკვნა თუ გამომდინარეობს?
არა, ეს ცოტა სხვაგვარი კვლევაა. ჩვენ არ დაგვისვამს პირდაპირი ღია შეკითხვები, მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური სკალები, რომლებიც განწყობების გრადაციას უფრო აღნიშნავს. ჩვენი მიზანი იყო გვეპოვნა ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მეტ გავლენას ახდენს განწყობების ცვლილებაზე.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბიფობია უფრო ძლიერია, ვიდრე ჰომოფობია. ანუ ბისექსუალი ადამიანების მიმართ უფრო ნეგატიურია განწყობები, ვიდრე ჰომოსექსუალების მიმართ. ტრანსგედნერი მამაკაცების მიმართ აგრესია უფრო ნაკლებია, ვიდრე ტრანსგედნერი ქალების მიმართ.
როგორც წესი, სხვა ქვეყნებში გეების მიმართ დამოკიდებულება უფრო ნეგატიურია ხოლმე, ვიდრე ლესბოსელების მიმართ. საქართველოში აღმოჩნდა, რომ გეებისა და ლესბოსელების მიმართ დამოკიდებულება ერთნაირად ნეგატიურია. ყოველთვის ითვლებოდა და ლგბტ ჯგუფის შიგნითაც კი არსებობდა ასეთი სტერეოტიპი, რომ ლესბოსელების მიმართ აგრესია ნაკლებია, მაგრამ არა. ამას აქვს თავისი ახსნა. ჰიპოთეზის დონეზე გვაქვს თეორია, რომ ეს უკავშირდება ქალის სექსუალობის ხატს ქართულ კულტურაში. დედის კულტი, რომელიც ქართულ კულტურაში არსებობს, სრულიად ასექსუალურია. ლესბოსელი ქალი არის ადამიანი, რომელსაც, პირველ რიგში, აქვს სექსუალობა და ამავდროულად ეს არის სექსუალობა, რომელსაც საზოგადოება ვერ აკონტროლებს მამაკაცის გავლით. ჰეტეროსექსუალი ქალი ყოველთვის მოიაზრება როგორც დედა, რომელსაც მამაკაცის მეშვეობით საზოგადოება აკონტროლებს და მთლიანად რეპროდუქციაზეა მიჯაჭვული.
აღმოჩნდა, რომ ფორმალური განათლება სხვა, მაგალითად, დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით ჩვენთან გავლენას არ ახდენს ადამიანებში ჰომოფობიის, ბიფოობის და ტრანსფობიიის დონეზე.
ანუ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფორმალური განათლება მიღებული და ისინიც, ვისაც არ აქვთ, ერთნაირ განწყობებს ავლენენ ლგბტ ჯგუფის მიმართ?
დიახ, და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენთან ფორმალური განათლება, პრაქტიკულად, არ მოიცავს და არ უწყობს ხელს ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებას სხვა ჯგუფების მიმართ. ფორმალური განათლება არ მოიცავს ამ საკითხებს და არ იძლევა მინიმალურ ცოდნას. აქ განსხვავებულია სწავლების მეთოდიც, რომელიც ავტორიტარულია და ხელს არ უწყობს ტოლერანტობის გაზრდას. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც პირდაპირ იძლევა მინიშნებას, რომ სერიოზული ხარვეზებია… რომ აღარაფერი ვთქვათ იმ პრაქტიკაზეე, რასაც საგანმანათლებლო სისტემებში აქვს ადგილი, როცა ბავშვები ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან სკოლაში ან სასწავლო დაწესებულებაში. პედაგოგების ფოკუსჯგუფმა კიდევ უფრო გააძლიერა რაოდენობრივი კვლევის შედეგები, რადგან ცოდნის თვალსაზრისით ძლაიან მძიმე მდგომარეობაა.
ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა რამდენად ახდენს გავლენას ადამიანების შეხედულებებზე ლგბტ თემის მიმართ?
იყო ასეთი შეკითხვაც. რესპონდენტს ვეკითხებოდით მის ყოველთვიურ შემოსავალს, ვთხოვდით, თავად შეეფასებინა მისი ოჯახის მატერიალური მდგომაროება. ბმა მხოლოდ მამაკაცების შემთხვევაში აჩვენა, როგორც ტრანსფობიის ისე ჰომოფობიის კუთხითაც. ქალებში ეკონომიკური მდგომაროებას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ამ საკიხებისადმი შეფასების თვალსაზრისით.
ანუ მამაკაცები, რომლებსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტად გამოხატავენ ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ განწყობებს, ხოლო ქალების შემთხვევაში ასეთი მონაცემი არ გამოვლინდა?
ამ მამაკაცებში უფრო მეტია პროცენტულად ისეთი, ვისაც ჰომოფობიის ან ტრანსფობიის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ქალებში ასეთი რამ არ ფიქსირდება.
იმავე განათლებაზე მე საერთო სურათი გითხარით…სეგრეგაციის შემთხვევაშო გარკვეულწილად სხვა სურათს მივიღებთ. ქალების შემთხვევაში განათლებას გავლენა აქვს, მამაკაცების შემთხვევაში განათლება ბმაში არის მხოლოდ ლესბოსელების მიმართ დამოკიდებულებაში. გეების მიმართ დამოკიდებულებაზე ეს არ მოქმედებს, რადგან რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, მამაკაცებში ჰომოფობიური ტენდენციები უფრო მეტად შეინიშნება.
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით?
თბილისში ყველაზე დაბალია როგორც ჰომოფობიური, ისე ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობები. ქალაქსა და სოფლებში განსხვავებები არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში უფრო ნეგატიურია განწყობები. ამას აქვს თავისი ახსნა. ითვლება, რომ სოფლებში, სადაც ზოგადად ნაკლებად არის შანსი, ადამიანს მრავალფეროვნებასთან ჰქონდეს შეხება… ქალაქის გარემო უფრო ჭრელია. აქ მხოლოდ ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა არ იგულისხმება. [ქალაქში] ბევრნაირ ადამიანს ხვდებით, სხავდასხვა რასის, რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს, სოფლის გარემო უფრო ერთგვაროვანია და შეიძლება ეს ახდენდეს გავლენას. პატარა სივრცეებში უფრო მეტი კონტროლის ქვეშაა ადამიანი, მისი ცხოვრება, ასე ვთქვათ, უფრო ხელისგულზეა, ვიდრე ქალაქში, სადაც უფრო შეგიძლია, რომ “დაიმალო”, თუ არ გაქვს სურვილი, რომ სხვები ღიად ახდენდნენ შენს იდენტიფიცირებას ჯგუფის წევრად. სოფლად ამის გაკეთება მაინც უფრო ძნელია.
რაც შეეხება სტერეოტიპებსა და მითებს…
აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარულია მითი, რომლის მიხედვითაც: “ჰომოსექსუალების რიცხვი გაიზრდება, თუ საზოგადოება საჯაროდ ხმამაღლა არ განაცხადებს, რომ ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებია” (78%-ს სჯერა). ეს მითი ეხმიანება იმ პროპაგანდის თემას, რომელიც აქტიურად შემოვიდა რუსეთიდან. ყველაზე ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა მითი, რომ ევროკავშირთან მიერთება აიძულებს ქვეყანას, რომ გეიქორწინება დააკანონოს (73.5%-ს არ სჯერა).
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იდენტურსქესიანი ადამიანების წყვილების ქორწინების უფლების საკონსტიტუციო აკრძალვას ითხოვს, სწორედ ამ მითს ასახელებს თავის ერთ-ერთ არგუმენტად, რომ არსებობს რუსეთის პროპაგანდის ასეთი მესიჯი, რაც ტყუილია, და ის რომ გავაბათილოთ, საჭიროა ცვლილება კონსტიტუციაშაო…
კვლევამ აჩვენა, რომ ეს მითი არც ისე პოპულარულია, რაც ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ ტყუილად ირჯიან ჩვენი პოლიტიკოსები თავს ამ მითის ხშირად გამეორებით.
სტერეოტიპებს რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში გეების შესახებ უფრო მკაფიო სტერეოტიპები არსებობს. ლესბოსელებთან დაკავშირებულ კითხვებზე გამოკითხული ადამიანების 20-დან 40 პროცენტამდე პასუხს ვერ სცემს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებაში ლესბოსელის ჩამოყალიბებული იმიჯი არ არსებობს.
ლესბოსელების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი აღმოჩნდა ის, რომ თურმე ლესბოსელებს სძულთ კაცები, მეორე იყო ის, რომ ლესბოსელების უმეტესობა რადიკალი ფემინისტია.
გეების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი აღმოჩნდა ის, რომ თითქოს ყველა გეის აქვს ქალური მანერები. ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სტერეოტიპი არის ის, რომ გეიმამაკაცების უმეტესობა პედოფილია.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, ხომ?
დიახ, რადგან იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგები სწორედ ამაზე აპელირებდნენ და ეს მათი ერთ-ერთი მთავარი “არგუმენტია” ხოლმე, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰომოსექსუალებისათვის დასაქმების უფლების შეზღუდვაზე, ან შვილის აყვანის უფლებაზე საუბრობენ. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში ეს სტერეოტიპი პოპულარული სულაც არ არის.
რა იწვევს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გაძლიერებასა თუ გაღვივევბას?
რამდენიმე მიზეზია. ცოდნა, რომელსაც ფორმალური განათლება ვერ უზრუნველყოფს. როდესაც ვეკითხებოდით [ლგბტ ჯგუფის შესახებ] ინფორმაციის ძირითადი წყაროს თაობაზე, რესპონდენტების უმრავლესობისთვის ეს არის სატელევიზიო მედია: ნიუსები და სატელევიზიო შოუები. რა სურათს ქმნის სატელევიზიო მედია, კარგად მოგეხსენებათ… თან ეს იმ ფონზე, როდესაც გამოკითხულთა მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ იცნობს ლგბტ ჯგუფის ერთ წარმომადგენელს მაინც. ეს უკანასკნელი თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა, რომელიც განწყობებზე ახდენს გავლენას. ანუ ის, ვინც ლგბტ ჯგუფის ერთ ადამიანს მაინც იცნობს (მნიშვნელობა არ აქვს, ჯგუფის რომელ წარმომადგენელს: გეის, ლესბოსელს, ტრანსგენდერს) ნაკლებად გამოხატული ჰომოფობიური დამოკიდებულება აქვს, ნაკლებად იზიარებს სტერეოტპებს, მითებს და ნაკლებად ემხრობა [ლგბტ ადამიანების] უფლებრივ შეზღუდვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისიწნებელი ფაქტორია, თუმცა, მეორე მხრივ, ერთგვარ ჩაკეტილ წრეში ვექცევით, როდესაც გარეთ ამხელა აგრესიაა, ადამიანებისათვის ქამინგ აუთი და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ხმამაღლა განცხადება რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქ შემოდის მედიის ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. საბჭოთა პერიოდში სექსუალობის თემა სრულიად ტაბუირებული იყო და დღემდე ასე რჩება. მიიჩნევა, რომ ეს არაა საკითხი, რომელზეც საჯარო სივრცეში საუბარი შეიძლება. ბუნებრივია, ესეც ახდენს გავლენას. მუდმივად გვესმის ძალიან ყალბი და ფორმალური მესიჯები, რომ მათ სახლში არავინ უვარდებათ, ოღონდ საჯარო სივრცეში ნუ გამოჩდებიან: ქუჩასა და ტელევიზიაში არ დაფიქსირდნენ. ცხადია, ეს პათეტიკა ყალბია, რადგან როცა აბორტის და ქორწინების საკითხებზე საუბრობენ და ზოგადად იმას განიხილავენ, ოჯახში ვინ, ვის უნდა დაემორჩილოს, ამაზე ინტიმური სფერო აღარ არსებობს, ეს სწორედაც ჩემს ინტიმურ სფეროში შემოსვლაა.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა აღვივებს ამ საკითხებს და რა უწყობს ხელს, ხომ? პოლიტიზაცია ძალიან უწყობს ხელს… არა მხოლოდ ანტიდასავლურ კონტექსტში, არამედ პოლიტიკოსები ამ თემას წინასაარჩევნოდ იყენებენ ხოლმე ერთმანეთის დისკრედიტაციისათვის და შანტაჟისათვის. ის, რომ ეს გავლენას შემდეგ ლგბტ ჯგუფზეც ახდენს, ძალიან ბუნებრივია. ეს თემა არის უკიდურესად პოლიტიზებული. იგივე, დღეს როცა საუბრობენ თითიდან გამოწოვილ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ. მედიაკვლევები ძალიან ირიბად ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს და რომ დავაკვირდეთ, პიკი აღწევს ხელისუფლების გადანაწილების პროცესების დროს. პირველი პიკი იყო 1998-დან 2003 წლამდე. მაშინ “აღორძინება” ძალიან აქტიურად იყენებდა “ცისფერების შეთქმულების” მითს. საბოლოო ჯამში, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ კი არ იყენებდნენ ამას [პოლიტიკოსები], არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. პირველი ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ლგბტ საკითხებზე მუშაობდა, 2006 წელს გაჩნდა. ანუ სიძულვილის ტალღა ამ ადამიანების საჯარო სივრცეში გამოჩენას არ უკავშირდება. ანალოგიური სიტუაციია, როცა საჯარო მსვლელობებს ეხება საქმე. საქართველო არის ერთადერთი უნიკალური ქვეყანა, სადაც ორგანიზებულ ანტიგეიგამოსვლებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე უშუალოდ აქტივისტების მცდელობას, რომ მოეწყოთ მარში. ანუ ეს რეაქცია კი არაა, არამედ პირიქითაა. მეორე მხრივ, ძალიან მძიმეა, როცა ამას ვამბობ, რადგან ხვდები, რომ შენ არა ადამიანი, არამედ პოლიტიკური ძალების სათამაშო ხარ, შენ ხარ საკითხი, რომლითაც შეუძლიათ ერთმანეთს ევაჭრონ ძალაუფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები. მე ვერ ვქმნი დღის წესრიგს, ვერ ვახდენ ამაზე გავლენას, რადგან სუბიექტი არ ვარ. ეს ჯგუფი გამონაკლისი არაა. სხვა ჯგუფებთან დაკავშირებითაც გავიარეთ იგივე გამოცდილება, ეთნიკური უმცირესობები და ასე შემდეგ… წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის გაკოტრებული პოლიტიკური ძალები იწყებენ ხოლმე ვაჭრობას. ჯერ ქმნიან რაღაც საფრთხეს ჯგუფებისგან და შემდეგ იწყებენ მუშაობას. ამის გაკეთება უფრო ადვილია, როცა არც [საარჩევნო] პროგრამა გაქვს, არც იდეოლოგია, არც არაფრის გაკეთება შეგიძლია. ერთი პატარა ჯგუფისაგან საფრთხის შექმნა და მერე იმის თქმა, რომ ამ საფრთხეს მოგიგვარებთ, გაცილებით მარტივია… ადვილია, რომ, მაგალითად, ლგბტ ჯგუფს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები და კრიზისი დააბრალო.