ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიმართვა მსოფლიო პატრიარქს – ილია მეორეს უფლება არ აქვს, აფხაზეთს წარმოადგენდეს

16 მაისი, 2016 • 1602
მიმართვა მსოფლიო პატრიარქს – ილია მეორეს უფლება არ აქვს, აფხაზეთს წარმოადგენდეს

“საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს ილიას არ აქვს უფლება, აფხაზეთის მართლმადიდებელ სამწყსოს წამოადგენდნენ” – წერია  მსოფლიო საეკლესიო კრებისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-სადმი  გაგზავნილ მიმართვაში , რომელიც 2016 წლის 15 მაისს ახალ ათონში აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მიერ გამართული საეკლსიო-საერო კრების დროს მიიღეს.

1300 მოქალაქის მიმართვის ძირითადი გზავნილი აფხაზეთის მართლმადიდებელი თემის სტატუსის განსაზღვრაა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის პრობლემის განხილვას საერთაშორისო დონეზე უგულებელყოფს, რაც ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ამ დრომდე აფხაზეთში კანონიკური ეკლესიის ინსტიტუტი არ არსებობს.

“აფხაზები არასდროს მიიჩნევდნენ თავს ქართული ეთნოსის ნაწილად და საქართველოს ეკლესიის კუთვნილებად. 1918 წელს აფხაზეთი ოკუპირებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მიერ.  მსოფლიო საპატრიარქომ, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება გაეთვალისწინებინა პოლიტიკური გარემოებები, 1990 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ავტოკეფალია იმ კანონიკურ საზღვრებში, რომელიც 1943 წელს საქართველოს ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში დადგინდა საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

აფხაზეთსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობებს არ შეიძლება უწოდო მეგობრული და ძმური. საქართველოს ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლების ნაციონალისტურ იდეებს აფხაზებისა და სხვა ერების მიმართ. საქართველოს საპატრიარქო არასდროს გამოსულა სისხლისმღვრელი ომების შეწყვეტის მოწოდებით 1992-1993, 1998 და 2001 წლებში, ასევე, 2008 წელს.

აფხაზეთის მრავალეროვანი მართლმადიდებელი თემი არასდროს გრძნობდა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან მხარდაჭერას. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკური საზღვრეების აღდგენის მნიშვნელობას და ამით საკუთარი სახელმწიფოს ნაციონალისტურ იდეებს ამართლებს. აფხაზეთის მართლმადიდებელი თემი არ აღიარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლებას”, – წერია მიმართვაში.

მსგავსი მიმართვა აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიამ 2011 წლის  15 მაისსაც გაგზავნა, სადაც აღნიშნული პრობლემის განსახილველად საერთაშორისო კომისიის შექმნას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი