ახალი ამბები

თბილისში, ბოლნისსა და კაზრეთში 16-25 მაისს ფესტივალი “ქალაქური ჩანახატები” გაიმართება

16 მაისი, 2016 •
თბილისში, ბოლნისსა და კაზრეთში 16-25 მაისს ფესტივალი “ქალაქური ჩანახატები” გაიმართება

16-25 მაისის ჩათვლით თბილისში, ბოლნისსა და კაზრეთში შტუტგარტელი ხელოვანების ჯგუფი „STUSK”, ქართველ მხატვრებთან ერთად, ურბანული ჩანახატების სესიებს გამართავს.

ორგანიზატორების ცნობით, 6 შტუტგარტელი ხელოვანი 6 ქართველ კოლეგასთან ერთად საზოგადოებრივ სივრცეებში (ვერის ბაღი, ბოტანიკური ბაღი, ვაკის პარკი, ბოლნისის დასვენებისა და კულტურის პარკი და ა.შ.) იმუშავებს.

ქართველ-გერმანელი ხელოვანების ჯგუფის 9-დღიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ჩანახატების გამოფენა/განხილვა შედგება 17 მაისს ბოლნისის კულტურის სახლში და 25 მაისს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში.

ფესტივალის ფარგლებში გერმანელი ხელოვანები, რომლებიც გარდა მხატვრობისა აქტიურად არიან ჩართული შტუტგარტის ურბანული განვითარების პროცესსა და სამოქალაქო საქმიანობაში, გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ მონაწილეებს.

ურბანული ჩანახატები, იგივე „ურბან სკეჩინგ“, საერთაშორისო ქსელია. ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ხატავენ საკუთარ გარემოს, განიხილავენ მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და ნახატებით ურთიერთობენ ადამიანებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„STUSK” შტუდგარტის ურბან სკეჩერები არიან ქრისტინე ბოიკეფლენდი, ულრიკე ბონეტი, ჰაიკო ფიშარი, კარინ ჰინტერლაითარი, ბარბარა შუნინი, მარტინ ცენტნარი, ხოლო საქართველოდან – დავით კუხალაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ვატო ჯორკოშვილი, მარიამ გიგუაშვილი, მაშო მარგიშვილი და ლელე მაისურაძე.

ურბანული ჩანახატები . ფესტივალის პროგრამა.

ურბანული ჩანახატები . ფესტივალის პროგრამა.

ფესტივალის მონაწილე ხელოვანები გერმანიიდან:

ქრისტინე ბოიკენფელდი სწავლობდა სოციოლოგიას და პოლიტიკურ მეცნიერებას შტუტგარტში. იგი ფლობს წამყვან პოზიციას მუნიციპალურ დაწესებულებაში და ქალაქის ადმინისტრაციის კონსულტანტია მოხუცებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების სოციალური ჩართულობის საკითხებში. თინე არის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის “Die Stadtisten” დამფუძნებელი და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული შტუდგარტის საქალაქო მმართველობაში.

მხატვარი და ეთნოლოგი ულრიკე ბონეტი დაინტერესებულია როგორც ყოველდღიურობით, ასევე ეგზოტიკურით. იგი ქმნის ხილული და უხილავი პეიზაჟებისა და მათი მოსახლეობის კავშირებს. მუშაობს პერფორმანსში, ტექსტილის კოლაჟებზე, ხმის მონტაჟზე და ქმნის ჩანახატებს, როგორც მომთაბარე მუდიუმს ცვალებად სამყაროში. 2008 წლიდან გამოფენები ჰქონდა გერმანიისა და რუსეთის მუზეუმებში.

ჰაიკო ფიშარი სწავლობდა ხელოვნებას დართინგთონის კოლეჯში, დიდ ბრიტანეთში. მისი მხატვრული პრაქტიკის ცენტრი მწერლობაა მაშინ, როდესაც პერფორმანსის კომპანიის დამაარსებელია. იგი დაინტერესებულია სივრცის, ადგილისა და კულტურის საკითხებით. მართავს ადგილობრივ “ურბანული სკეჩინგის” ჯგუფს შტუტგარტში.

კარინ ჰინტერლაითარის მხატვრული პრაქტიკა ბეჭდური და ვებდიზაინია. დაინტერესებულია მომხმარებლის გამოცდილებასა და სივრცეში. როგორც წესი, იყენებს ქალაქური სივრცის აპროპრიაციის სტრატეგიას ქაღალდზე, ციფრული მედიაში, ფილმსა და აუდიოში, ისევე, როგორც ინსტალაციებსა და ინტერვენციებში.

ბარბარა შუნინმა შექმნა მინის ინსტალაციები საჯარო და კერძო შენობებისათვის. მისი ნახატები, ფერწერა და ინსტალაციები ხშირად ხვდება გამოფენებში გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. ბარბარა აკეთებს სათემო ხელოვნების ღონისძიებების ორგანიზებას და დაკავებულია მხატვართა გაცვლითი პროგრამით რუსეთთან.

მარტინ ცენტნარი სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს შტუტგარტში. მან გაიარა ლექციები ნახატის პერსპექტივაში. დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთავარი რედაქტორად დიზაინის ჟურნალისათვის. 2008 წლიდან აწარმოებს ბიზნესს, როგორც კომუნიკაციის დიზაინერი. მარტინი ასევე მუშაობს როგორც მხატვარი. იგი აერთიანებს ილუსტრაციას, ტექსტსა და კონცეპტუალურ ხელოვნებას. 2013 წელს შტუდგარტის ადგილობრივი პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელია, რომლის მიზანია ქალაქი დაუბრუნდეს მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე დაიბადა ადგილობრივი „ურბან სკეჩერების“ იდეაც, რომელიც ჰეიკოსთან ერთად დააარსა 2014 წელს.

ფესტივალის მონაწილე ხელოვანები საქართველოდან:

დავით კუხალაშვილი სწავლობდა ხელოვნების სკოლაში ქალაქ ქუთაისში. 2005-2009 წლებში -თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რექტორის პირადი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა აკადემიის დიპლომზე. 2010 წლიდან მონაწილეობას იღებს ჯგუფურ გამოფენებში.

პერსონალური გამოფენები: 2014 წელი. პოპიაშვილი-ღვაბერიძე Window პროექტი, 2012 გამოფენა “ქალაქი”, გალერეა “akademy +” 2014 წელს მიწვეული იყო არტრეზიდენციაში :LIA: გერმანიაში ქალაქ ლაიპციგში.

თამარ ხმიადაშვილი 2006-2010 წლებში- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი; 2010-2013 – აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მაგისტრატურის კურსი, სახვითი ხელოვნება; ამჟამად მუშაობს ფერწერაში და სხვადასხვა მედიაში

ვატო ჯორკოშვილი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჰუმანუტარულ ფაკულტეტზე, დაამთავრა მაგისტრატურა, პროფესიით მხატვარი/გრაფიკოსი. მუშაობს კერძო დაკვეთბზე გრაფიკული დიზაინის კუთხით როგორც „ფრილანსერი“. აქვს ასევე გარკვეული გამოცდილება სამოქალაქო და სოციალური თემატიკის შემოქმედებით პროექტებზე მუშაობის.

მარიამ გიგუაშვილი ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერი / ილუსტრატორი. დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და მაგისტრატურა ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტში მედიაარქიტექტურის განხრით.

უყვარს ხატვა, განსაკუთრებით- შენობების და ურბანული სივრცის, არის urbansketchers.org -ის არც ისე აქტიური წევრი 2012 წლიდან.

მაშო მარგიშვილი: 2007-2009 წლები – ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ხელოვნებათმცოდნეობა/რესტავრაცია/კონსერვაცია (2007-2008); მედიახელოვნება (2008-2009). 2009-2012 წლები – ვილნიუსის სამხატვრო აკადემია (VDA; Vilniaus Dailes Akademija); ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტი.

Masholand -ის დამაარსებელი და დიზაინერ/ილუსტრატორი. ასევე თავისუფლად მომუშავე/შტატგარეშე (freelance) გრაფიკული, ინტერიერის და ავეჯის დიზაინერია.

ლელე მაისურაძე სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

ფესტივალის ორგანიზატორები გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, DVV International საქართველოს ოფისი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო არიან. ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის პარტნიორები არიან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ბოლნისის არტრეზიდენცია, გალერეა და სამუშაო სივრცე „ატელიე“/დიზაინ თბილისი, პარტიზანული მებაღეობა, სატელევიზიო გადაცემა ინდექსი, ICOMOS საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი