ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, უკვე შერჩეული ჰყავს რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები

15 მაისი, 2016 • 1265
კვირიკაშვილის თქმით, უკვე შერჩეული ჰყავს რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რესპუბლიკელი მინისტრების: გიგა აგულაშვილის, პაატა ზაქარეიშვილისა და თინა ხიდაშელის შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

ეს განცხადება პრემიერმა გადაცემა “ქრონიკის სტუდიაში” სტურობისას გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლებელია სხვა მინისტრების ცვლილებაც:

“რომ ვთქვა, რომ არ მყავს შერჩეული, არასერიოზული იქნება იმიტომ, რომ ვიცი ზუსტად, რომ მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და, რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, ვისაც ვიხილავ ამ სამ თანამდებობაზე. დანარჩენ მინისტრებს რაც შეეხება, აქაც მაქვს ჩემი გარკვეული მოსაზრებები. არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობა საჭიროა.

აქამდე მე წარმოვადგინე რამდენიმე მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი ჩემთან ერთად მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში და თუ მაინცდამაინც გემოვნებაზე გვინდა ვილაპარაკოთ, და საგარეო საქმეთა მინისტრიც არის ჩემი წარდგენილი კანდიდატურა და, მე ვფიქრობ, დღეს ორივე ძალიან კარგად ართმევს თავს თავიანთ მოვალეობას და მათ გარდა არაერთი მინისტრი ძალიან წარმატებულია. პატარა საკითხები შეიძლება იყოს, რომელზეც არასწორი იქნება ახლა საუბარი. არჩევნებამდე არ არის გამორიცხული არა მხოლოდ სიაში გადასვლის მიზეზით, არამედ ისედაც ცვლილება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ვარშავის სამიტზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრება, ვინაიდან წინა პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები იქნება:

“არ არის აუცილებელი, რომ მინისტრები იყვნენ სიაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ცვლილება იყოს. როდის მოხდება, რომელ დღეს მოხდება, ამაზე პროგნოზირებას და მკითხაობას არ დავიწყებ. ცვლილებები იქნება ნამდვილად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი