საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დასავლურ კურსზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
“გვაქვს გზავნილები რუსი პოლიტიკოსების მისამართით, რომ საქართველოს მისწრაფებები დასავლეთისკენ არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ეს მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები რუსეთთან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დავთმოთ ჩვენი სტრატეგიული მიზნები მომავლში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა აფზახეთსა და ცხინვალში მოსახლეობის უფლებათა დარღევაზე:
„გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე დაკავების ფაქტები; აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება. ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული. მე მასთან მორიგი შეხვედრა ორშაბათს მექნება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ნდობის აღდენა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მთავრობა თანმიმდევრული იქნება.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.