პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს სავარაუდოდ დღესაც ვერ მოისმენს. დეპუტატები მთელი დღეა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რის გამოც ვახტანგ გომელაურის მოსასმენად დრო არ რჩება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი “ქართულ ოცნებას” ბრალს სდებს, რომ დღის წესრიგში სუს-ის ანგარიშის მოსმენა სპეციალურად ჩასვეს, რათა ვახტანგ გომელაურის მოსმენა კიდევ ერთხელ გადადებულიყო:

“როდესაც ბატონი გომელაური აქ პირვლად მობრძანდა, უმრავლესობა მაშინ შატალოზე რომ არ წასულიყო, მაშინვე მოვუსმენდით. უმრავლესობამ სპეციალურად შეარჩია დღეანდელი დღე, სპეციალურად დანიშნა მოსმენა. იციან, რომ საკოსნტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი ძალიან მნიშნელოვანია, დიდი დრო სჭირდება მუხლობრივ განხილვას და მათ სპეციალურად შეარჩიეს დღევანდელი დღე, რათა გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავიდან ძალიან მნიშნელოვანი, კრიტიკული კითხვების დასმა უმცირესობის მხრიდან. მათ სპეციალურად კიდევ ერთხელ გამოაძვრინეს გომელაური უხერხული სიტუაციიდან.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კი “ნაციონალებს” ბრალს კანონპროექტის განხილვის პროცესის გაჭიანურებაში სდებს. მისი თქმით, გომელაურის მოსმენა თავად საპარლამენტო უმცირესობას არ სურს:

“სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს შევეჩვიეთ. პირველად როცა იყო ჩამოსული გომელაური, ვერ მოვუსმინეთ, რადგან ნაციონალების მხრიდან დასწრება ფაქტობრივად არ იყო. დღეს, ნაცვლად იმისა, რომ სრულიად ადეკვატურ დროში განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი, სპეციალურად წელავენ პროცესს. როგორც ჩანს, მათ დღესაც არ აქვთ იმის ინტერესი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოვუსმინოთ. სამწუხაროდ, ალბათ დღესაც ვერ მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს.”

30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *