ახალი ამბები

ცესკო: საუბნო კომისიის 5 წევრის აგიტაციაში მონაწილეობის საქმე სასამართლოს გადაეგზავნა

12 მაისი, 2016 •
ცესკო: საუბნო კომისიის 5 წევრის აგიტაციაში მონაწილეობის საქმე სასამართლოს გადაეგზავნა

ცესკოს ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი წევრის მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები, რაც უკვე გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

“საუბარია 28 აპრილს ცესკოში შემოსულ  განცხადებაში აღნიშნულ ფაქტზე, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების (№49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრია კურასპედიანი, ამავე კომისიის მდივანი ნანი ქუთათელაძე და წევრი ნუკრი იმედაძე) წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას. განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებულ მტკიცებულებებზე (ფოტომასალა) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები, მოკვლევის მასალებთან ერთად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ზემოხსენებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ხოლო სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ,”- ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი