ახალი ამბებიეკონომიკა

2016 წელს კვირიკაშვილი EBRD-ის პროგნოზზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის

12 მაისი, 2016 •
2016 წელს კვირიკაშვილი EBRD-ის პროგნოზზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ЕBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ზრდის კოეფიციენტის გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს. პრემიერის თქმით, 2017 წელს დაგეგმილი რეფორმები საქართველოს საინვესტიციო გარემოს თვისობრივად შეცვლის და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს.

“ჩვენ წელს 3%-მდე ზრდას ველოდით, EBRD-მა გადააფასა ეს პროგნოზი და ასწია პროგნოზი 3.4%-მდე. მე ვიტყოდი, რომ უფრო მაღალიც შეიძლება იყოს ზრდა წლის ბოლომდე იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ – როგორც 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში, ასევე სტრატეგიას ვცვლით მთლიანად – როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, ასევე, სხვა პროექტების მენეჯმენტის მხრივ. ჩვენ მიერ გაწეული ძალისმევისა და სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა ბოლო წლების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო ავწიოთ ზრდის მაჩვენებელი,” – განაცხადა პრემიერმა.

11 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში ეკონომიკა 3,4%-მდე გაიზრდება. მომავალი წლისთვის კი შესაძლოა 3,9%-მდეც გაიზარდოს. საქართველო, ამ მხრივ, მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში. 2015 წელს ეს მაჩვენებლი 2,6%-ს უტოლდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი