ახალი ამბები

სუს-მა საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე დააკავა

12 მაისი, 2016 •
სუს-მა საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ბრალდებული მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრის სიგრძეზე გაყვანილი გვირაბიდან „წიდას“ უკანონოდ მოიპოვებდა.

აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც  ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა, აცხადებს სუს-ი.

ამირან შ-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული თანხა – 700 ლარი  გადასცა, რა დროსაც ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან  7  წლამდე ითვალისწინებს). ამავე დროს, გამოძიება გრძელდება ე.წ. ,,წიდის“ უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის  ოდენობის დადგენისა და დანაშაულში შესაძლო სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი