საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება.
სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრებიან.
გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში უკვე იმყოფება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე, “ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე – Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.