საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, თედო ჯაფარიძე და ლევან ბერძენიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და თურქეთს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. “ნეტგაზეთი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სახელით, მადლობას ვუხდით თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს და მის წევრებს განცხადებისთვის, რომლითაც მოუწოდეს მოკავშირეებს ვარშავის სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოსნატოში ინტეგრაციას.
ჩვენი ქვეყნის მიერ საგარეო ორიენტირების განმტკიცების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე უდიდესი როლი ენიჭება თურქეთის, როგორც საქართველოს უახლოესი პარტნიორისა და ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას. ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.
საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე გრძნობს თურქეთის მხრიდან მხარდაჭერას, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობის სფეროში, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სტაბილურობის მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მესამე მხარისთვის. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთაკომიტეტის განცხადება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას დაემთხვა, რომლითაც მან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შავ ზღვის რეგიონში კოორდინაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ნატოს მომავალ სამიტზე კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული. სწორედ ასეთი თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს.
თურქეთის წვლილი საქართველოს მიერ ნატოსთან დაახლოების გზაზე ყოველთვის იქნება უდიდესი კონტრიბუცია, როგორც საქართველოს, ასევე თავად ნატოს განმტკიცებისა და გაფართოების პროცესში,” – აღნიშნულია განცხადებაში.