ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდქალაქში არსებულ ვითარებას გაეცნო

11 მაისი, 2016 •
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდქალაქში არსებულ ვითარებას გაეცნო

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე. მისი თქმით, სტუდქალაქში არსებული სიტუაცია სახარბიელო არაა. თვალთვაძის თქმით, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საერთო საცხოვრებლის ორივე შენობა, სადაც ამჟამად სტუდენტები ცხოვრობენ, არაა უნივერსიტეტის ბალანსზე.

“მოლაპარაკებები დაწყებულია ეკონომიკის სამინისტროსთან, თხოვნა გაგზავნილია. იმედი გვაქვს, ეს პროცესები მალე დასრულდება და საშუალება მოგვეცემა, რომ ინფრასტრუქტურული სახის სარემონტო პროექტები წარვადგინოთ და დაფინანსება მოვიპოვოთ”.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, რომელმაც გუშინ, 10 მაისს თსუ-ის სტუდქალაქი დაათვალიერა, თსუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც გათბობის სისტემის დამონტაჟებას და შენობის გამაგრებით სამუშაოებს მოიცავს.

“ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახლა, რაც გადაუდებელი სამუშაოებია, ის სრულდება. სამწუხაროდ, ეს იმდენად დიდი თანხებია, რომ უნივერსიტეტს ამის სახსრები არ გააჩნია. იქ ისეთი სამუშოებია ჩასატარებელი, რომ ეს შენობები მთლიანად უნდა დაიცალოს,” – ამბობს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა, მისივე თქმით, უნივერსიტეტს ალტერნატიული ფართი არ გააჩნია, სადაც შესაძლებელი იქნება სარემონტო სამუშოების დასრულებამდე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების დროებით გადაყვანა.

თვალთვაძის თქმით, ამჟამად უნივერსიტეტი ცდილობს ცალკეული პრობელემების აღმოფხვრას, რისთვისაც განათლების სამინისტროსაც მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი