ახალი ამბები

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2016” დაიწყო

11 მაისი, 2016 •
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2016” დაიწყო

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გიმართა. სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა.

მოწვეულმა სტუმრებმა და წვრთნაში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

“დღეს ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან ჯარისკაცები, რომლებმაც თავისი ღირსებით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით ასახელეს თავისი სამშობლო სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს. ეს არიან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ დავსახეთ ნატოს ალიანსის მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო – საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა და პოლიტიკოსმა და მთლიანად საზოგადოებამ ძალიან მტკიცე და თამამი ნაბიჯები გადადგა,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

“ორი ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ. ერთი ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო გახდნენ ახლახან და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე. რატომ არის ეს წვრთნები ასე მნიშვნელოვანი? ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ამ სწავლების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს სწრაფი რეაგირების შენაერთი, პირველი ოფიციალური ნატოს შენაერთი ნატოს სამკლაურებით. მეორე კარგი ამბავი არის ის, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც შემოუერთდნენ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილები მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. აქ, ჩვენს სამშობლოში არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. აქ, საქართველოში ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ცერემონიალს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. 120 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ამერიკული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო ოპერაციას ახორციელებს. პარაშუტებით დესანტის გადმოსხმის შემდეგ ოცეულის დონის ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები, ობიექტზე შეტევის ამოცანას ასრულებენ. C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან კი ერთი მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო მანქანისა და 105 მმ-იანი ჰაუბიცის პარაშუტით დესანტირება ხორციელდება. ტექნიკისა და შეიარაღების ხმელეთზე დაშვების შემდეგ დაგეგმილია ჰაუბიცის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და გასროლა.
„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის – M1A2 ტიპის ტანკებით „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით „M2 BRADLEY“ ჩავლით დასრულდება.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს – მათ შორის, 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ჩართული იქნება ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი”, სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან კი ტექნიკა ეშელონებით ვაზიანში 5 მაისს შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი