ახალი ამბები

სასამართლომ ნატა ფერაძე 250 ლარით დააჯარიმა

10 მაისი, 2016 • 3017
სასამართლომ ნატა ფერაძე 250 ლარით დააჯარიმა

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა შსს-მ 7 მაისს თბილისში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ სამართალდამრღვევად ცნო და 250 ლარით დააჯარიმა.

პატრულის თანამშრომლის, გელა მასურაშვილის განცხადებით, ნატა ფერაძე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რომ არ გაერღვია პოლიციის კორდონი და არ შესულიყო პოლიციის მიერ აკრძალულ ტერიტორიაზე. თუმცა, პატრულის თანამშრომლის განმარტებითვე, ნატა ფერაძე დაუსხლტა პოლიციელს და ავიდა საპატრულო მანქანაზე, საიდანაც ჩამოიყვანეს გაფრთხილების შემდეგ.

ნატა ფერაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი მანქანიდან პატრულმა უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმებით ჩამოიყვანა. მისი თქმით, პოლიციის მიერ დაკავების შეურაცხმყოფელმა ფორმამ გამოიწვია ის, რომ მის შესახებ გავრცელდა შეურაცხმყოფელი ფოტომასალა და ხელი შეეწყო პარტიზანი მებაღეების მიმართ “შავი პიარის” აგორებას.

ფერაძის თქმით, მას პოლიციისგან არ მოუსმენია მოწოდება მანქანიდან ჩამოსვლის შესახებ და არ მისცემია გონივრული ვადა, რომ მანქანიდან თავისით ჩამოსულიყო.

ნატა ფერაძის ადვოკატმა, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ადმისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია უსაფუძვლოდ და პატრულის მანქანაზე ასვლა არ შეიძლება ჩათვლილიყო 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც ითვალისწინებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გარდა ამისა, ნონა ქურდოვანიძემ პოლიციელებს ჰკითხა, თუ საიდან იცოდა, რომ ის ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები შესვლას აპირებდნენ, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ამაზე პატრულის თანამშრომელმა გელა მასურაშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია თავად აქციის მონაწილისგან მიიღო, რაზეც ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო გადამოწმებული ინფორმაცია და არ შეიძლება გამხდარიყო ადგილზე პოლიციის მიერ კორდონის მოწყობის საფუძველი.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ მოსამართლის დადგენილებას გაასაჩივრებენ:

“პოლიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კანონიერი მოთხოვნა, გაჟღერებული მოწოდება გარკვეული ქმედების შეწყვეტის შესახებ ადგილზე იყო. შესაბამისად, 173 მუხლი, ანუ ის მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში არის გამოყენებული, ნატა ფერაძის მიმართ, გულისხმობს ასეთი მოთხოვნის არსებობას. თუ ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, მაშინ დაკავება და იგივე სამართალდარღვევათა ოქმის შექმნა, არის უკანონო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამ ვითარებაში არის უკანონო და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში,”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

რაც შეეხება ნატა ფერაძის განცხადებას, მის მიმართ დაკავების დროს შეურაცხმყოფელ მოპყრობასტან დაკავშირებით, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ შეიძლება მიმართონ შსს-ს გენინსპექციასაც:

“ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ასევე მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა გენინსპექიის მიერ მოხდეს ადგილზე მყოფილ პოლიციელები რამდნად იქცეოდნენ კანონის ფარგლებში,”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისის აქციაზე, ჯამში, დააკავეს 6 ადამიანი – ნატა ფერაძე, ალეკო ელისაშვილი, კონსტანტინე გურული, ირაკლი კიკალიშვილი, იოსებ ხიმშიაშვილი და გიორგი ახობაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დარღვევისთვის. ექვსივე მათგანს სასამართლომ 250-250 ლარი დააკისრა ჯარიმის სახით.

ამას გარდა, შსს-მ 7 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ ახობაძის მიმართ დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზეც, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით, თუმცა ამ მუხლით მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. ასევე, შსს-ს იმავე ინფორმაციის თანახმად, ფერაძის მიმართ გამოძიება დაწყებულია პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების საქმეზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით. ასევე, მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფერაძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლის დარღვევას, თუმცა ნატა ფერაძეს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა. მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე   ნარკოლოგიურში, სადაც პოლიციამ გადაიყვანა დაკავების შემდეგ. ადვოკატის თქმით, ფერაძეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარების ვალდებულება არ ჰქონდა. ნატა ფერაძის თქმით,  სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი