ახალი ამბები

პრეზიდენტი: უცებ მოდის პოზიცია – შენ ხარ ქართველი, რადგან ერთსქესიანთა ქორწინებას უარყოფ

10 მაისი, 2016 • 1552
პრეზიდენტი: უცებ მოდის პოზიცია – შენ ხარ ქართველი, რადგან ერთსქესიანთა ქორწინებას უარყოფ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა ევროპის კვირეულის ფარგლებში, სადაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მას უთხრა, რომ მოსაზრება დაეფიქსირებინა ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების საკითხზე.

“ქართველი ადამიანი არ აღიარებს არასოდეს, რომ მის სახელმწიფოში ერთსქესიანი ქორწინება დასაშვები იყოს. ვიცი, რომ ევროპულ ქვეყნებში მისაღებია”, – განაცხადა აღნიშნულმა მოსწავლემ.

გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ზოგ ქვეყანაში მისაღებია, ზოგში – არა, და საქართველოშიც ეს საკითხი უკვე ჩამოყალიბებულია. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 99.9% ასე თვლის, რომ მიუღებელია “ერთსქესიანი ქორწინება”, საქართველოს კანონმდებლობაში ეს საკითხი გაწერილია, ხოლო საქართველოს პარლამენტში არსებობს კონსესუსი ამ საკითხზე.

“როდესაც ამბობთ, “ქართველი ადამიანი”, ამაზე რომ საუბრობთ, რატომ აკეთებთ იდენტიფიცირებას ამ თემისას ქართულ კულტურასთან?! მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა ეს არის ქორწინების საკითხი. მე არ ვამბობ, რომ ეს საკითხი ასე უნდა გადაწყდეს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ამ თემას არ გააჩნია არავითარი ვნებათაღელვა და არაფერი ამის ირგვლივ არ ხდება. უცებ პოლიტიკაში მოდის ასეთი პოზიცია, “ღრმად ინტელექტუალური”, რომ შენ, ქართველო, შენ ხარ ქართველი არა ბახტრიონით, შენ ხარ ქართველი არა იმითი, რომ შუშანიკის წამება გაქვს დაწერილი, არა! შენ ხარ ქართველი იმიტომ. რომ შენ ერთსქესიანთა ქორწინებას უარყოფ. ჩვენ გარდა, ძალიან ბევრი უარყოფს. ეს არ არის თემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, როდესაც წარსულზე, განსაკუთრებულ ადამიანებზე ფიქრობს, ხედავს ტოლერანტობის უპრეცედენტო მაგალითებს, რომლებიც გააკვირვებს კაცობრიობას თავისი ჰუმანურობით.

“რომ იყოს ქართული სიმღერა “ჩაკრულოსავით”… ისეთი, რომ “ჯვარს ნუ დაიწერთ, კაცებო”… კიდევ შეიძლება რაღაცა იდენტობა მქონოდა, მაგრამ ვერსად ვერ ვპოულობ ასეთ რაღაცას”, – ამბობს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი