ახალი ამბები

ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 5 პირი სასამართლომ დააჯარიმა

10 მაისი, 2016 •
ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 5 პირი სასამართლომ დააჯარიმა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 7 მაისს თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებული ორი აქტივისტის საქმე. სასამართლომ იოსებ ხიმშიაშვილი და გიორგი ახობაძე 250-250 ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დარღვევისთვის.

ადვოკატის, საიას იურისტის ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, 7 მაისს ამ პირთა სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან პატრულის თანამშრომლებს შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა უნდა წარმოედგინათ. ვიდეომასალა პატრულმა დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

სასამართლო პროცესზე იოსებ ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ მას პატრულისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და “მოჰყვა მასაში”, რომელიც ბოტანიკურ ბაღში აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა.

პატრულის თანამშრომელმა ზაზა როჭიკაშვილმა კი განმარტა, რომ აქციაზე ხიმშიაშვილი პოლიციის მიერ გაკეთებული ჯაჭვის გარღვევას ცდილობდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას.

შსს-მ 7 მაისს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილე გიორგი ახობაძის მიმართ დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზეც, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით, თუმცა ამ მუხლით მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

7 მაისის აქციაზე, ჯამში, 6 ადამიანი დააკავეს. ხუთ მათგანს – ალექსანდრე ელისაშვილს, კონსტანტინე გურულს, ირაკლი კიკალიშვილს, იოსებ ხიმშიაშვილსა და გიორგი ახობაძეს სასამართლომ დააკისრა 250-250 ლარის გადახდა. ჯერ არ გამართულა მათთან ერთად დაკავებული ნატა ფერაძის სასამართლო პროცესი, შსს-ს ცნობით, მის მიმართ იმავე, ადმინიატრციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის წარმოებული საქმის განხილვა დღეს გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი