ახალი ამბები

ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

7 მაისი, 2016 •
ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

თბილისში, კოჯრის გზატკეცილზე, ტელეკომპანია GDS-თან საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად” აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ თბილისში “პანორამა თბილისის” მშენებლობას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰექტრის გასხვისებას და ბოტანიკურის მიმდებარედ 30 ჰა მიწის აუქციონზე გაყიდვას. ყველა ამ პროექტის მიღმა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციამ ამ მომენტში აქციის ოთხი მონაწილე – ნატა ფერაძე, კოსტანტინე გურული, ალექსანდრე ელისაშვილი და გიორგი ახობაძე დააკავა.

აქცია ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ თბილისში, 07.05.2016, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ თბილისში, 07.05.2016, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ერთად” აერთიანებს 25-მდე ორგანიზაციას, მათ შორისაა: “მწვანე ალტერნატივა”, “მწვანე მუშტი”, “პარტიზანული მებაღეობა”, “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი”, “საზოგადოება ბათომი”, “ფრონტლაინ კლუბი” და ა.შ.

“ჩვენ, მოქალაქეები და ორგანიზაციები ვერთიანდებით სამოქალაქო მოძრაობაში “ერთად”, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საარსებო სივრცის მდგრადი, მოქალაქეების ინტერესზე მორგებული განვითარება. ჩვენი მიზანია სამოქალაქო აქტიურობის გზით ხელი შევუწყოთ გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური პოლიტიკის ფორმირებას, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება, იცხოვროს ჯანსაღ და სოციალურად მდგრად გარემოში. მოძრაობის “ერთად” ამოცანაა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა გარემოსდაცვით და ქალაქგეგმარებით (ან ურბანული განვითარების) საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას,” – ეს არის სამოქალაქო მოძრაობის “ერთად” მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი