დღეს, 10 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, ასევე, “პოლიციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი [პოლიციელი] უფლებამოსილი იქნება დააკავოს მოქალაქე. დაკავების შემდეგ, თუ პირი თანხმობას განაცხადებს, პოლიციელი მას წარუდგენს გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მოქალაქე ნარკოტესტირების წინააღმდეგია, პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში.
სასამართლოში წარდგენის შემდეგ, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ვარაუდი პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შესახებ, მას უფლება ექნება გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მოწვევის შესახებ. პოლიციელის მიერ სამართალდამრღვევის არანებაყოფლობითი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირთან წარდგენა განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ამასთან, სასამართლოში წარდგენის შემდეგ, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, იგი [მოსამართლე] უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გაათავისუფლოს დაკავებული.
განმარტებითი ბარათის თანახმად, 2015 წლის 8 მაისს ევროკომისიის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიცა რეკომენდაცია, რომ პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მოხდეს. კანონპროექტში განმარტებულია, რომ ცვლილებების განხორციელების მიზანია კანონმდებლობაში აისახოს გაცემული რეკომენდაციები.
კანონპროექტი პარლამენტმა 2015 წლის 3 აგვისტოს დაარეგისტრირა და მისი ავტორი გოგა ხაჩიძეა.