ახალი ამბები

ნატა ფერაძის და სხვა დაკავებულების საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

10 მაისი, 2016 • 1652
ნატა ფერაძის და სხვა დაკავებულების საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანების, “პარტიზანული მებაღეობის” წევრის ნატა ფერაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 მაისს გაიმართება. შსს-ს ცნობით, დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ შეწყდება მის მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლით.

რატომ წამოიწყო შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის მიმართ ამ მუხლით საქმე? – ამ კითხვაზე შსს-ს პრესსამსახურში უპასუხეს: “პოლიციას აქვს უფლება და მიიჩნია საჭიროდ მისი ნარკოტესტირება. მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, ამიტომ, სავარუდოდ, სასამართლო პროცესზე ამ საქმის წარმოება შეწყდება”.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ფერაძის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ საქმეს განიხილავს. თუმცა პოლიცია კვლავაც აგრძელებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით საქმის გამოძიებას. კერძოდ, როგორც შსს-ში აცხადებენ, ფერაძის მიმართ გამოძიება დაწყებულია პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების საქმეზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.

ბრალდებების მთელი ეს კასკადი ნატა ფერაძის მიმართ 7 მაისის აქციაზე მისი დაკავების შემდეგ გაჩნდა. 7 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ “ერთად” თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქცია გამართა. აქტივისტები ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც ივანიშვილი პროექტ “პანორამა თბილისს” ახორციელებს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამან გამოიწვია დაპირისპირება პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის, რა დროსაც ნატა ფერაძე პატრულის მანქანაზე ავიდა და ამ გზით შეეცადა პროტესტის გამოხატვის გაგრძელებას. პოლიციამ ის და აქციის კიდევ ხუთი მონაწილე დააკავა. ჯამში, დაკავებული 6 ადამიანიდან სამს სასამართლომ 250-250 ლარი დააკისრა ჯარიმის სახით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის დარღვევისთვის.

დღეს, ფერაძის გარდა, სასამართლო კიდევ ორი აქტივისტის – გიორგი ახობაძისა და იოსებ ხიმშიაშვილის საქმეებს განიხილავს, პოლიცია მათაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის დარღვევას ედავება. ამასთან, ახობაძის მიმართ, შსს-ს ცნობით, ასევე, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.

7 მაისის აქცია არ იყო პირველი, როცა ნატა ფერაძე გარემოს დაცვისთვის გამართული აქციის შედეგად დააკავეს, მას შემდეგ, რაც სათავეში ჩაუდგა “პარტიზანულ მებაღეობას”. პარტიზანი მებაღეები სამოქალაქო ასპარეზზე აქტიურად 2013 წელს გამოჩნდნენ. მას შემდეგ მოძრაობამ არაერთ აქციას გაუწია ორგანიზება ქალაქის განაშენიანებისა და გამწვანების პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი