ახალი ამბებისამართალი

ენმ ივანიშვილისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

9 მაისი, 2016 • 2119
ენმ ივანიშვილისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილსა და თბილისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. დედაქალაქის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატები ივანიშვილსა და მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ დათმობილ ტერიტორიაზე გადის 35-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ყოფილი პრემიერი ამ ადგილს ვერაფერში გამოიყენებდა.

“ივანიშვილი შუშის რეზიდენციასთან ერთად ფლობდა 2 ჰა მიწას ბოტანიკური ბაღის თავზე. ასევე, პანორამა თბილისთვის რამდენიმე ათასი კვ.მ იყიდა და მთელი მთა მოჭრა. ასევე ფლობდა 10 ჰა-ს ბოტანიკური ბარის თავზე და დამატებით იყიდა 29 ჰა. ეს ყველაფერი დიდი კორუფციული და მაფიოზური სქემები იყო. ივანიშვილმა ეს 10 ჰა, რომელსაც თვითონ 4 ჰა-ს უწოდებს, ბოტანიკურ ბაღის [400 ათას მიწის ნაკვეთში] გადაცვლა, რაც იყო დიდი კანონდარღვევა. ისინი ამბობდნენ, რომ ივანიშვილის მიერ ბოტანიკურ ბაღისთვის დათმობილი მიწა ბევრად კარგი იყო. შეგიძლიათ აბრძანდეთ და ნახოთ, რომ ამ 4 ჰექტარზე მთელი 200 მეტრის სიგრძეზე საჰაერო მაღალი ძაბვსი ხაზი ჰყოფს და გადადის ბოტანიკური ბაღის თავზე. შესაბამისად, გაცვლა მოხდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ 4 ჰა-ზე მაღალი ელექტროგაცამცემი ხაზების ქვეშ მშენებლობის უფლება არ ქონდა და ვერც ექნებოდა,” – ამბობს ნადირაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

როგორც ენმ-ს დეპუტატი აცხადებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღისთვის დათმობილ ტერიტორიაზე ადამიანების თავშეყრა და კარვების გაშლაც კი აკრძალულია:

“არსებობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილება, სადაც ლაპარაკია სწორედ აღნიშნულ ზონებზე, თუ რა შეზღუდვებს უწესებს სახელმწიფო მსგავს შემთხვევაში მომიჯნავე ტერიტორიებს. დადგენილებაში ცალსახად წერია, რომ 35-კილოვოლტიანი ხაზის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ეს არის დაახლოებით ნახევარი კილომეტრი), არაფრის გაკეთება შეიძლება. გარდა ამისა, ივანიშვილი ამ ტერიტორიას ასე ვერ ჩაკეტავდა და ვერ შემოღობავდა. დადგენილებაში წერია, რომ სამუშაოების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუშვას ეს ადამიანები ტერიტორიაზე. არქიტექტურულად და ბიზნესის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, უსარგებლო იყო ეს ადგილი. სწორედ ამიტომ დათმო ივანიშვილმა ეს 4 ჰა.”

თბილისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატები აცხადებენ, რომ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი 4 ჰა ტერიტორია არ არის ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილ 400 ათას კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკეთესი. ირაკლი ნადირაძის თქმით, ტერიტორიების გაცვლით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იხეირა იმიტომ, რომ ბევრად უკეთესი მიწა მიიღო, სადაც ოთხივე ჰექტარზე შეუძლია თავისი ბიზნესის განვითარება.

“ფაქტობრივად, ბოტანიკურ ბაღს დარჩა ტერიტორია, სადაც მწვანე ნარგავებზეც კი შეესაბამისი შეზღუდვები არსებობს. ის დიდი ტყუილი, რომელიც დაკავშირებული იყო ალტერნატიული გზის გაყვანასთან, ალტერნატიული თავშეყრის ადგილებთან და ტურუსტულ ადგილებთან, ესეც არის ცალსახად საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. დადგენილებაში ცალსახად წერია, რომ ელექტროხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე ყველანაირი ტიპის ხალხის თავშეყრა, სპორტული მოედნების გაკეთება და კარვების მოწყობაც კი ყველანაირად იზღუდება,” – ამბობს ნადირაძე.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროხაზების არსებობისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების დარღვევის შესახებ პროკურატურას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიმართავს:

“ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას იმიტომ, რომ ფაქტია – მრავალ დანაშაულთან ერთად, გამოიკვეთა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. სავარაუდოდ. ხვალ ან ზეგ მივმართავთ პროკურატურას.”

თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მან არ იცის, გადის თუ არა ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზები.

“მე არ ვიცი, ვის რა დოკუმენტი აქვს. ვიცი ის, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთეთ [ნებართვის გაცემა] ის, რაც გავაკეთეთ. ეს [გადის თუ არა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემულ 4 ჰა ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზები] ენერგეტიკოსებს უნდა ჰკითხოთ.”

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროხაზების გადატანა, დამონტაჟება და ნებისმიერი მსგავსი ღონისძიებები “თელასის” კომპეტენციაში შედის, რადგან ეს ინფრასტრუქტურა თბილისსა და მის შემოგარენში სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაშია.

ნეტგაზეთს “თელასში” განუცხადეს, რომ დღეს მთელი კომპანია ისვენებს და ბოტანიკური ბაღისთვის ივანიშვილის მიერ გადაცემულ 4 ჰა მიწის ნაკვეთზე ელექტროხაზების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგვირვევდნენ. კომპანიის პრესსამსახური ინფორმაციის ტექნიკურ დირექტორთან გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკურ ბაღს 400 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 4 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა.

დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. თბილისის მერი ამბობს, რომ 2007 წლიდან დღემდე ივანიშვილმა 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის. მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი 4 ჰა ტერიტორია გამწვანებისთვის მნიშვნელოვანია საცდელი და კვლევითი საქმიანობისათვის, ხოლო ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია.

ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ 7 მაისს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების მიერ ერთობლივი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, მათ შორის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და პარტიზანული მებაღეობის წევრი ნატა ფერაძე.

მანამდე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ ტერიტორია კვლავ ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი