ახალი ამბები

ნარმანია: ბოტანიკური ბაღი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა

8 მაისი, 2016 •
ნარმანია: ბოტანიკური ბაღი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა

ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია, – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. თბილისის მერი ამბობს, რომ 2007 წლიდან დღემდე ივანიშვილმა 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის:

“ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება მოხდა კანონის სრული დაცვით. ძალიან კარგად ჩანს, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰა [მთლიანად] არის გამწვანებული ტერიტორია, რომელიც, სხვათა შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. მას 2007 წლიდან დღემდე 20 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ბოტანიკური ბაღი იმ სახით [ყოფილიყო], რა სახითაც დღეს არის. წითელი ხაზების კორექტირების შედეგად, 4 ჰა ტერიტორია მიიღო ბოტანიკურმა ბაღმა. სანაცვლოდ, იგივე პროცესდურების შედეგად, კომპანია ფინსერვისი აქ არსებული 4 ჰა ტერიტორია გადაეცა.”

როგორც დავით ნარმანია აცხადებს, ეს 4 ჰა ტერიტორია გამწვანებისთვის მნიშვნელოვანია საცდელი და კვლევითი საქმიანობისათვის, ხოლო ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია.

“ეს 4 ჰა არის გამწვანებული, სადაც არის სხვადასხვა სახის ხეხილი. ეს გამწვანებისთვის მნიშვნელოვანია თავისი საცდელი და კვლევითი საქმიანობისათვის, ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კი კლდოვანი და მეჩხერია. ვინაიდან კომპანია ფინსერვისს მის მიმდებარედ ჰქონდა უკვე საკუთრებაში 10 ჰა მიწა, მის მომიჯნავედ გადაეცა ეს ტერიტორია. ანუ, კომპანია ფინსერვისსაც აწყობს, რომ მის მომიჯნავედ ჰქონდეს ეს ტერიტორია,” – განაცხადა თბილისის მერმა “იმედის” ეთერში.

ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ 7 მაისს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების მიერ ერთობლივი აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე მაშინ დააკავა, როცა ისინი იმ ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ, სადაც პანორამა თბილისი უნდა აშენდეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ მათ არ მისცა. დაკავებულთა შორის იყვნენ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და პარტიზანული მებაღეობის წევრი ნატა ფერაძე.

მანამდე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ ტერიტორია კვლავ ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი