საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს გუნდი იმისათვის, რომ პარტიის გარეთ არავინ დაიჩემოს ექსკლუზიურად პროდასავლური კურსის ერთგულება.
“მე დიდი პატივს ვცემ ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს. არაერთხელ გამომიხატავს ჩემი დამოკიდებულება პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ საჯაროდ, სხვათა შორის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში” საკმაოდ არის ძლიერი გუნდი იმისათვის, რომ არავინ არ დაიჩემოს ექსკლუზიურად დასავლური კურსის ერთგულება პარტიის მიღმა, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ეს. ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და კვლავაც, მომავალში გავუწევთ წინააღმდეგობას”, – ასე გამოეხმაურა კვაჭანტირაძე რესპუბლიკელების მოწოდებას, რომ გამივჯნოდნნენ მეჭიაურის განცხადებას.
ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის როლზე და გამოეხმაურა რესპუბლიკელების მოწოდებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას მისი ნებით განერიდა და ხელოვნურად მისი დაბრუნება და ჩართვა პოლიტიკაში მიმაჩნია არასწორად. თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველა პროცესს, რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, გარდა იმისა, რომ ვაღიარებთ ყველანი, რომ იგი რჩება ჩვენს ლიდერად, მაშინ იბადება ჩვეულებრივი შეკითხვა, რატომ არ არის მთავრობის მოქმედებები ადეკვატური იმ გარკვეული მოსაზრებებისა, რომელიც კრიტიკული თვალსაზრისით წარმოიქმნება ნატოს თუ ევროინტეგრაციის თვალსაზირისით. არანაირი ეჭის საფუძველი არ არის. რაც არ უნდა ხელოვნურად დავძაბოთ მთავრობის და ხელისუფლების პროდასავლურობაში, არ არსებობს”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
რეპუბლიკელები გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე. ზაქარეიშვილმა “ქართული ოცნება” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადების უკომენტაროდ დატოვების გამო გააკრიტიკა. პრემიერმა ზაქარეიშვილის განცხადებას არაობიექტური და ნაჩქარევი უწოდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.
რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.