გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნა ჰუმანური განვითარების ანგარიში, სადაც საქართველო 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 75-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით, 1980-დან 2011 წლამდე საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ მოიმატა 4.1 წლით, ხოლო სკოლაში სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა 0,2 წლით. საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1995-2011 წლებში გაიზარდა დაახლოებით 192.0 პროცენტით.
ჰუმანური განვითარების ინდექსი არის სამი ძირითადი განზომილების – ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე, ცოდნის მიღების საშუალება და ცხოვრების ღირსეული დონე – გრძელვადიანი პროგრესის შეფასებისათვის საჭირო კრებითი მაჩვენებელი. ისევე, როგორც ჰუმანური განვითარების 2010 წლის ანგარიშში, მრავალი წლის ჯანმრთელი სიცოცხლე შეფასებულია ცხოვრების ხანგრძლივობით, ცოდნის გაღრმავების საშუალება შეფასებული 25 წლის ზემოთ მოზრდილი ადამიანების მიერ სიცოცხლის განმავლობაში მიღებული განათლების საშუალო ხანგრძლივობით და სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლაში სწავლის ხანგრძლივობით. ცხოვრების დონე ფასდება ერთ სულ მოსახლეზე საერთო ეროვნული შემოსავლის რაოდენობით, რომელიც გამოიხატება 2005 წლის მსყიდველუნარიანობის მუდმივი პარიტეტით აშშ დოლარებში.
სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების შედარებითობის უზრუნველსაყოფად ჰუმანური განვითარების ინდექსი უპირველეს ყოვლისა ეყრდნობა გაეროს მოსახლეობის განყოფილების, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) სტატისტიკის ინსტიტუტის და მსოფლიო ბანკის მონაცემებს. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ჰუმანური განვითარების ინდექსების პროგრესის შეფასება, 2011 წლის ანგარიში შეიცავს ხელახლა გამოთვლილ ინდექსებს 1980 წლიდან 2011 წლამდე.
საქართველომ, ბოლო წლებში ჰუმანური განვითარების თითოეული მაჩვენებლის მიხედვით, პროგრესს მიაღწია. საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი 2005 წლიდან 2011 წლამდე 4.0%-თ გაიზარდა, წლიური ზრდა კი, 0.6%-ია.




