ახალი ამბები

ნატა ფერაძე: ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო აქტივიზმის

8 მაისი, 2016 •
ნატა ფერაძე: ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო აქტივიზმის

“პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტის ნატა ფერაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს. 7 მაისს, “პანორამა თბილისის” პროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ნატა ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, მისთვის ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად რომელი მუხლები წარედგინა ბრალად. მასა და მის ადვოკატს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შესახებ განუმარტეს.

“რამდენად სამართლიანად დამაკავეს, ამას ამ დრომდე ვერც კი ვაფასებ – იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, რა მუხლით დამაკავეს. სიტყვიერად რაც გვითხრეს მე და ჩემს ადვოკატს, ეს იყო მხოლოდ პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც 4 მუხლი მაქვს წარდგენილი. ესენი ჩვენთვის არავის გაუცნია, იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვა,” – ამბობს ფერაძე.

ნატა ფერაძეს ასევე პოლიციის მხრიდან უფლება-მოვალეობის გადაჭარბებად მიაჩნია მისი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტი. ფერაძეს ნარკოლოგიური თრობა არ დაუდგინდა კლინიკური ანალიზის საფუძველზე. ბიოლოგიური მასალის (შარდის) ჩაბარებაზე კი მან უარი განაცხადა, ვინაიდან ამის სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა.

“ფაქტია, რომ ნარკოლოგიურში მხოლოდ მე გადამიყვანეს შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი ის იყო, რომ ფხიზელი ქალები მანქანებზე არ დაძვრებიან. ჩვენი ვარაუდით, ეს ყველაფერი გაკეთდა შავი პიარის გამო; მათ რეალურად ეშინიათ სამოქალაქო აქტივიზმის და ახლა ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას,”– აცხადებს ფერაძე.

შსს-მ 7 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატა ფერაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით და მის მიმართ ასევე დაწყებული იყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.

ნატა ფერაძის გარდა, პოლიციამ დააკვა თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. ასევე აქტივისტები – ირაკლი კიკალიშვილი და კონსტანტინე გურული. პოლიცია მათ ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რისთვისაც ისინი სასამართლომ 250-250 ლარით დააჯარიმა. ადვოკატთა განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ.

კიდევ ორი დაკავებულის, გიორგი ახობაძისა და იოსებ ხიმშიაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათამდე გადაიდო. შსს-ს ცნობით, მათ მიმართ ასევე გამოძიება დაიწყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე.

პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 6 პირის დაკავების ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. ნარმანიას განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებას საზღვრები გააჩნია:

“დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ბუნებრივია, უკმაყოფილო ადამიანები შეიძლება იყვნენ – მთავარია, რომ დადგენილი წესით გამოხატონ მათ უკმაყოფილება,” – განაცხადა თბილისის მერმა რიყის პარკში ვიზიტის დროს.

დღეს “პარტიზანული მებაღეობა” და მათი თანამოაზრეები სამუშაო შეხვედრაზე გადაწყვეტენ, როდის და რა ფორმით გაგრძელდება მათ მიერ დაანონსებული პროტესტის სერია.

“ჩვენი მოძრაობა გააგრძელებს ჩვეულებრივად დაწყებულ საპროტესტო ციკლს. დღეს განვსაზღვრავთ სტრატეგიას და დავააანონსებთ შემდეგი შეკრების დროსა და ადგილს,” – ამბობს ნატა ფერაძე.

ნატა ფერაძე გასული წლის ივლისში თბილისის საკრებულოსთან პანორამა-თბილისის პროექტის განხორციელების საწინააღმდეგო აქციაზეც დააკვეს. მას და მასთან ერთად დაკავებულ 6 პირს სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი