“პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე, რომელიც დღეს თბილისში, ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც “ნეტგაზეთს” ფერაძის ადვოკატმა, საია-ს იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, ფერაძეს არც ნარკოლოგიური თრობა დაუდგინდა კლინიკური ანალიზის საფუძველზე. ბიოლოგიური მასალის (შარდის) ჩაბარებაზე კი მან უარი განაცხადა, ვინაიდან ამის სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ნატა ფერაძეს ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ერთი სისხლის სამართლის მუხლით და მისი დაკავების ოქმში მითითებული იყო მხოლოდ ერთი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ამ საკითხზე სასამართლო სხდომა. მისი თქმით, ფერაძის ხელწერილის მიხედვით, ის ვალდებულია გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში პოლიციის შეტყობინების მიღებისთანავე.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატა ფერაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით და მის მიმართ ასევე დაწყებული იყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
შეგახსნებთ, რომ დღევანდელ აქციაზე სულ 6 პირი დააკავეს, მათ შორის, ნატა ფერაძის გარდა, იყო თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილს, ისე როგორც კიდევ ორ დაკავებულს – ირაკლი კიკალიშვილს და კონსტანტინე გურულს, პოლიცია ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რისთვისაც ისინი სასამართლომ 250-250 ლარით დააჯარიმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი ახობაძეს, მისი სასამართლო პროცესი სამშაბათამდე გადაიდო. შსს-ს ცნობით, მის მიმართ ასევე გამოძიება დაიწყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
“მანქანასთან დაკავშირებით არ გვქონია საუბარი. მე ვთქვი, რომ არ ვეთანხმები ბრალდებას და არ გამიწევია წინააღმდეგობა. ამის გამო სხდომა სამშაბათამდე გადაიდო და დღეს გამომიშვეს”, – განაცხადა ახობაძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ.
ასევე გადაიდიო კიდევ ერთი დაკავებულის, იოსებ ხ.-ს პროცესი. შსს-მ ისიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავა.
პოლიციამ აქციის მონაწილეები მაშინ დააკავა, როცა ისინი ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.