ახალი ამბები

ნატა ფერაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო

7 მაისი, 2016 • 2017
ნატა ფერაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო

“პარტიზანული მებაღეობის” წევრს, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელიც დღეს თბილისში, ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, დაიწყეს მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, ფერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.

შსს-ს ცნობით, ამას გარდა, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან გამართულ აქციაზე შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს კიდევ ხუთი პირი, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის გიორგი ა.-ხ მიმართ დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი