ახალი ამბები

ლონდონს პირველად ჰყავს მუსლიმი მერი

7 მაისი, 2016 •
ლონდონს პირველად ჰყავს მუსლიმი მერი

ლონდონმა პირველად აირჩია მუსლიმი მერი. სადიქ ხანმა გამარჯვება მოუტანა ლეიბორისტულ პარტიას და ამით დაასრულა ქალაქის ხელისუფლებაში კონსერვატორების რვაწლიანი მმართველობა. ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენტი” ავრცელებს.

არჩევნების შედეგებით ხანმა მიიღო ხმების 44%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მულტიმილიონერმა ზაკ გოლდსმიტმა – 35%.

ლონდონის მერის პოსტზე სადიქ ხანმა “კონსერვატორი” ბორის ჯონსონი შეცვალა, რომელიც რჩება პარლამენტის დეპუტატად და ბრიტანეთის პრემიერობის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად.

46 წლის სადიქ ხანი წარმოშობით პაკისტანიდანაა, მამამისი 25 წლის მანძილზე ავტობუსის მძღოლი იყო. ლონდონის ახალარჩეული მერის ბებია და ბაბუა თავის დროზე ინდოეთიდან პაკისტანში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო ხანის მშობლები – პაკისტანიდან გაერთიანებულ სამეფოში.

ხანი პროფესიით იურისტია ადამიანის უფლებებზე სპეციალიზაციით. 2008-09 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრი თვითმმართველობის საკითხებში, ხოლო შემდეგ – სახელმწიფო მინისტრი ტრანსპორტის საკითხებში. 2013 და 2015 წლებში ხანი დასახელდა “წლის პოლიტიკოსად” ბრიტანეთში მცხოვრებ მუსლიმებს შორის. მისი პროგრამის ძირითადი მიმართულებაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების შემცირება, ასევე, ჰითროუს აეროპორტის ზრდაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი