ახალი ამბები

ლონდონის დიდ უბნებში ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა იგეგმება – The Guardian

15 მაისი, 2020 •
ლონდონის დიდ უბნებში ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა იგეგმება – The Guardian

ლონდონის დიდ სივრცეებში მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა იგეგმება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის წესები შემსუბუქდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება ქალაქის მერმა სადიქ ხანმა გააკეთა. მისი განმარტებით, ლონდონის ხიდსა და შორდეიჩს, იუსტონსა და ვატერლოოს, ასევე, ძველი ქუჩისა და ჰოლბორნის ქუჩებს შორის მოქცეულ სივრცეებში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტობუსით, ველოსიპედითა და ფეხით.

ექსპერტების მოსაზრებით, პანდემიის შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ფეხით და ველოსიპედით რაც შეიძლება მეტი იმოძრაოს, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ხოლო ავტომანქანების მატება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს გაზრდის.

“უდიდესი ძალისხმევა იქნება საჭირო ყველა ლონდონელის მხრიდან, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავიცვათ სოციალური დისტანცია მაშინ, როდესაც კარანტინის შეზღუდვები თანდათან იხსნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი მანქანებით ვერ ჩავანაცვლებთ, რადგან ეს გამოიწვევს ქუჩების ჩაკეტვას და ჰაერის დაბინძურების ზრდას”, – განაცხადა ხანმა.

გამოცემის ცნობით, გზების ჩაკეტვის სამუშაოები უკვე დაიწყება და მის დასასრულებლად 6 კვირა იქნება საჭირო.

ავტომანქანებით გადაადგილების შესამცირებლად, ლონდონის მერის განმარტებით, დაწესდება გადასახადი ავტომანქანით ცენტრალურ უბნებში გადაადგლებისთვის, რომლის ღირებულებაც 11.50 ფუნტიდან 15 ფუნტამდე იქნება.

ხანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს შეზღუდვები იქნება რთული, თუმცა ორიენტირებული იქნება ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე:

“თუ გვსურს, რომ ლონდონის ტრანსპორტი უსაფრთხო იყოს და შევინარჩუნოთ ქალაქის კონკურენტუნარიანობა, სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ლონდონის ქუჩები ხალხისთვის”, – განაცხადა ხანმა.

მისი განმარტებით, ის შესაბამისად აფასებს იმ სირთულეებს, რომელსაც აღნიშნული ცვლილები გამოიწვევს ლონდონის მოსახლეობისთვის: “ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ფუნდამეტურად შეგვეცვლება წარმოდეგნა ლონოდში ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და კონკრეტულად რა გვჭირდება თქვენგან იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ”, – განაცხადა ხანმა.

The Guardian-ის ცნობით, კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ლიდერებმა, მადრიდისა და მეხიკოს ჩათვლით, შემოიღეს სხვადასხვა შეზღუდვა, რათა მოსახლეობა ფეხით და ველოსიპედით სიარულისკენ წააქეზონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი