საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, “დაზღვევის კომპანია ქართუ” და ასოციაცია “ატუ” ავრცელებენ განცხადებას, სადაც “კატეგორიულად” მოითხოვენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ანონსის ეთერიდან მოხსნას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ანონსი შეიცავს აშკარა სიცრუეს და მასში მოხსენიებული კომპანიების და მათი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ გამონათქვამებს”.
ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია. მან ფეიბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამ კონპანიებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.
“გადაცემას უყურეთ ჯერ, რა იცით, რას ვამბობთ,”- წერს გვარამია.
განცხადების ავტორი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “განსხვავებული აქცენტების” ანონსში გამოყენებული ტექსტი და ვიდეომასალა შეიცავს სიცრუეს, ფაბრიკაციას, ფაქტების უხეშ დამახინჯებას და დაუფარავ მცდელობას”. განცხადებაში წერია, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მასთან დაკავშირებულ კომპანიებს არ აქვთ კავშირი უკანონობასთან და ცილისწამების არც ერთ ფაქტთან.
იმ შემთვევაში, თუკი ანონსს ეთერიდან არ მოხსნიან, ორგანიზაციები აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ. ისინი ასევე მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომ შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს ამ ანონსზე.
“ანონსში გაჟღერებული ცილისწამება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმართ, თითქოს ფონდს ჰქონდეს აღებული ასობით ათასი ლარის კრედიტები სახელმწიფოსგან, შესაბამისად, გადამხდელებისგან, არის მტკნარი სიცრუე.
თანაინვესტირების ფონდს სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრი კრედიტი და შეღავათი არ მიუღია.
ანონსში გაჟღერებული მეორე ცილისწამება ეხებოდა დაზღვევის კომპანია „ქართუ დაზღვევას“, თითქოს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას ევალება „ქართუ დაზღვევასთან“ ხელშეკრულების გაფორმება.
ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ბინძურ სიცრუეს, რომელიც უკვე არაერთი კვირაა ტირაჟირდება რუსთავი 2-ის ეთერში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ტენდერებში დაზღვევის კომპანია „ქართუ დაზღვევის“ წილი შეადგენს მხოლოდ ოთხ პროცენტს. თუ როგორ მუშაობს ყველა ორგანიზაცია ქართუში დაზღვევის მიღებაზე, ამ პროცენტული მაჩვენებლითაც ნათლად ჩანს.
ცილისმწამებლურ ანონსში გაჟღერებეული მესამე ბრალდება შეეხებოდა ე.წ. გლდანის ბიტკოინების საწარმოს, თითქოს ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას, ამჯერადაც ადგილი აქვს მტკნარ ტყუილს.
მეოთხე საკითხი შეეხება ასოციაცია „ატუს“, რომელსაც ბრალდება ტყის გაჩეხვა რაჭაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ატუს“ 2006 წლიდან მართლაც ჰქონდა ლიცენზია რაჭის ტყეკაფში ტყის ჭრაზე, თუმცა არც ერთი კუბური სანტიმეტრი არ ყოფილა გამოყენებული კომერციული მიზნისთვის, მოჭრილი მერქანი მთლიანად მოხმარდა ქველმოქმედებას. ჭრიდან მიღებული ხის მასალა მოხმარდა არა მხოლოდ სოციალურ დახმარებას, დევნილებს, ბაღებსა და სკოლებს, არამედ კახიძის მუსიკალურ ცენტრს, რაგბის სტადიონებს, ოპერას, ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს, გრიბოედოვის თეატრს, თსუ-ს, სამების ტაძარს და სხვ.
ველოდებით ადეკვატურ რეაგირებას გადაცემა „განსხვავებული აქცენტებისა“ და ტელეკომპანია რუსთავი 2-სგან,”- აღნიშნულია განცხადებაში.