ახალი ამბებიკომენტარი

ნოდია: ენმ ერთგული მხარდამჭერების მიღმა ვეღარ გადის და ესაა მისი პრობლემა

6 მაისი, 2016 • 1807
ნოდია: ენმ ერთგული მხარდამჭერების მიღმა ვეღარ გადის და ესაა მისი პრობლემა

მოახერხებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა განახლებას და საკუთარი პოპულარობის ზრდას ამომრჩევლებს შორის? როგორ უნდა მოიზიდოს მან ახალი ლიდერები და სახეები? არის თუ არა დაპირისპირება პარტიაში და რამდენად დააკლდება ნაციონალურ მოძრაობას გიორგი ვაშაძის წასვლა პარტიიდან? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” პოლიტიკის მეცნიერს, გია ნოდიას ესაუბრა.  

 

რამდენად მნიშვნელოვანი იყო გიორგი ვაშაძე ნაციონალური მოძრაობისთვის და რამდენად დააკლდება იგი პარტიას?

ჯერჯერობით მისი მნიშვნელობა ორმხრივ განიხილება. ერთნი მიიჩნევენ, რომ იგი სააკაშვილის კადრია და განხეთქილება არის ნაციონალურ მოძრაობაში, რომ თბილისში მყოფი ხელმძღვანელობა გაემიჯნა სააკაშვილს და ვაშაძე რჩება სააკაშვილის ერთგული. ასეთი წარმოდგენა არსებობდა ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილებაზე. ვაშაძის წასვლას პირველ საათებში ეს აძლევდა ინტრიგას.

მალევე სააკაშვილის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ცალსახად და მკვეთრად შეაფასა ვაშაძის წავლა, “ივანიშვილის თამაშები” უწოდა. ჩართულია თუ არა ივანიშვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ამას თუ იტყვის სააკაშვილი, ესე იგი ცალსახად ემიჯნება ვაშაძის ნაბიჯს.

ამით მითი თუ მოლოდინი, რომ ვაშაძის წასვლა უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს, გაქარწყლდა. რჩება კითხვა, ვაშაძეს ხომ არ ჰყავს თავისი მომხრეები სააკაშვილისგან დამოუკიდებლად? თუ არსებობს მისი ქვეგუნდი, რომელიც მას გაჰყვება და ამით დაასუსტებს ნაციონალურ მოძრაობას? ჯერჯერობით ასეთი რამე არ გაგვიგია, რომ ნაციონალურ მოძრაობის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა გაჰყოლოდა მას.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირება სიღრმისეული არ არის პარტიაში?

ეს არის ამის ინდიკატორი. თუ, უბრალოდ, გიორგი ვაშაძის წასვლა დარჩა გიორგი ვაშაძის წასვლად მხოლოდ, რაიმე მნიშვნელოვანი ცნობილი ადამიანები ან პარტიასთან დაკაშირებული ოგანიზაციები არ დაუდგა გვერდით, ეს ნიშნავს, რომ წავიდა ერთი ადამიანი ვაშაძე და ამით დამთავრდა.

მანამდე იყო ანდრო ბარნოვი, არ იყო დეპუტატი, მაგრამ ითვლებოდა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფიგურად ნაციონალურ მოძრაობაში. წავიდა, მაგრამ ეს მაინცდამაინც არავის ახსოვს. ვაშაძის განსხვავება ისაა, რომ მას სადეპუტატო მანდატი აქვს, მაგრამ სხვა მხრივ მისი წასვლა შესაძლოა არ აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი და იმაზე მიმნიშნებელი, რომ უფრო ღრმა განხეთქილებაა ნაციონალურ მოძრაობაში.

ნაციონალური მოძრაობა დატოვეს მნიშვნელოვანმა ფიგურებმა, რომლებმაც შექმნეს “გირჩი”, წავიდა გიორგი ვაშაძეც. მისი წასვლა ხომ არ გამოიწვევს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის კლებას?

მანამდე “გირჩი” წავიდა, “გირჩზე” ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული პროექტია. ამ ეტაპზე ნიშანი არ ჩანს, რომ არჩევნებზე რამე წარმატებას მიაღწიონ. რამდენიმე ადამიანი იყო და მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები დაუდგნენ გვერდით. ეს რაღაც ზიანს აყენებს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ძალიან დიდი ზიანს – არა.  

რაც შეეხება ვაშაძეს, ის იყო პოპულარული ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ნაწილში, მასზე იმედებს ამყარებდნენ და მისი წასვლა იყო ერთგვარი იმედგაცრუება, მაგრამ მაინც მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად უკავშირდებოდა იმას, რომ იგი სააკაშვილს ჰგავს ენერგიულობით, შემართებით.

თუ სააკაშვილმა ის მოიკვეთა, მაშინ ნაკლები შანსია, რომ მეტ-ნაკლებად სერიოზულმა ნაწილმა გული აიცრუოს პარტიაზე იმის გამო, რომ იქ აღარ არის გიორგი ვაშაძე.

არის თუ არა ნაციონალური მოძრაობა “კაბინეტური პარტია”, რაშიც დაადანაშაულა ვაშაძემ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და დავით ბაქრაძე?

კაბინეტური პარტია ბევრს არაფერს ნიშნავს. გააჩნია, როგორ გაშლი ამას და როგორ შინაარსს ჩადებ. წავიკითე თქვენს გაზეთთან მისი ინტერვიუ, სადაც კონკრეტიკას სთხოვდა ჟურნალისტი და პრაქტიკულად ვერც ერთ შეკითვაზე კონკრეტიკაში ვერ შევიდა.

როგორც ჩანს, ეს იყო პარტიებისათვის დამახასიათებელი პიროვნულ ამბიციათა ბრძოლა. გოგორიშვილი, მაჭავარიანი არიან ძველი თაობა და ნაციონალური მძრაობის ძველი გუნდია. ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წევრს ეს ფიგურები შეიძლება აღიზიანებდეს.

პარტიაში სხვადასხვანაირი ხალხი არის და უნდა იყოს. გასაგებია, რომ ვიღაცას არ მოსწონს მიშა მაჭავარიანი, ვიღაცას არ მოსწონს გიგა ბოკერია, ვიღაცას არ მოსწონდა თვითონ ვაშაძე. როდესაც სერიოზული პარტიაა და იმედი აქვს მხარდაჭერის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვანაირი ადამიანების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

ნაციონალური მოძრაობა საუბრობს განახლებაზე, როგორ უნდა განვითარდეს განახლების პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ?

განახლებაზე საუბრობენ და ამაზე ყველა თანახმაა. მიხეილ სააკაშვილიდან მოყოდებული, დღევანდელ ხელმძღვანელობამდე, ყველა საუბრობს განახლებაზე. პრაქტიკულად რას ნიშნავს განახლება, ამაზე, როგორც ჩანს, სხვადასხვა აზრია.

უნდა იყოს ახალი სახეები, უნდა იყოს ახალი დისკუსია, ახალი მესიჯები. თეორიულად, მეც ვეთანხმები, რომ ნაციონალურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე სჭირდება, მეტი ენერგია და მეტი შემართება. ბევრს აქვს ისეთი შეგრძნება, რომ მუხტი არ მოდის ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობისგან. ეს მუხტი ნიშნავს, რომ ახალი ლიდერებიც უნდა იყვნენ, ახალი პოპულარული ადამიანები.

თუ არის რესურსი ახალი პოპულარული ლიდერების  აღმოსაჩენად?

ცხოვრებამ უნდა გვაჩვენოს. ვერ დანიშნავ, რომ – “შენ იყავი პოპულარული ლიდერი”. ეს პროცესმა უნდა გამოაჩინოს.

პარტიის გარეთ უნდა ეძებონ ახლი ლიდერები?

პარტიის გარეთ ან ახალგაზრდობაში. არის შთაბეჭდილება, რომ პარტიას ჰყავს ერთგული მხარდამჭერები, მაგრამ ამ ერთგული მხარდამჭერების მიღმა ვეღარ გადის. ვერ იფართოებს მხარდამჭერების რაოდენობას, ზოგადად ეს არის ნაციონალური მოძრაობის პრობლემა.

თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი მხარდამჭერების მოპოვება დამოკიდებულია პოპულარულ ლიდერებზე?

არა მხოლოდ პოპულარული ლიდერებია მნიშვნელოვანი, არამედ ახალი სახეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამომრჩევლებზე. იმიტომ, რომ ადამიანები ჩვეულებრივ პიროვნებებს ენდობიან მაინც, მაგრამ ახალი მესიჯები, ახალი ტიპის სუბარი უნდა არსებობდეს. ეს ხშირად მოაქვთ ახალ ლიდერებს და ახალ სახეებს.

ერთხელ უკვე სცადა ნაციონალურმა მოძრაობამ “რებრენდინგი” და გამოაცხადა, რომ ახალ ეროვნულ მოძრაობად ყალიბდებოდა. რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობა?

ეს არ ჩანდა სერიოზული. უბრალოდ, ეს იყო იმის აღიარება, რომ რაღაც სიახლე საჭიროა. მაგრამ ამ სიახლის უკან არ იყო ნამდვილი სიახლე. უბრალოდ, იყო გათვლა, რომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ფაქტობრივად, ეს მხოლოდ სიტყვები იყო, რომელიც დიდად არაფერს ნიშნავდა.

ახლა, ამ ეტაპზე, მაინც თუ ჩანს სიახლე კონკრეტული იდეების?

იმედი აქვთ, რომ ახალი საარჩევნო სია სიახლის განცდას შექმნის – ახალი ადამიანები, რომლებიც შეიძლება იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ აქამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ იყვნენ, ისინი გახდებიან პარტიის სახეები. ეს რამდენად რადიკალურ სიახლეს გამოიწვევს აღქმაში, საზოგადოების მხარდაჭერაში, არ ვიცი. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, პარტიას ამის იმედი აქვს.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პარტიულ სიას სამი კომპონენტის მიხედვით (წინა არჩევნებში განცდილი წარმატება, ახალი წევრების მიღება და სამდივნოს ჩართულობა) ჩამოაყალიბებს. ესეც არის პარტიის განახლების ნაწილი. რამდენად წარმატებული იქნება?

წარმატება შეფარდებითი ცნებაა.

თუ მიაღწევს იმ მიზნებს, რაც აქვთ დასახული?

ყველა პარტია აცხადებს, რომ უნდა მოიგოს არჩვენები, თან  50%-ზე მეტი აიღოს. პარტიას ეს მიზანი აქვს. მაინცდამაინც არავის აქვს იმედი, მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობას, რომ 50%-ზე მეტს აიღებს. ამიტომ გააჩნია, წარმატებად რას გამოვაცხადებთ. როგორც ჩანს, არჩევნებამდე რაღაც საოცრება არ მოხდება და ნაციონალური მოძრაობის პოპულარობის რადიკალურ ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ფაქტია, რომ გამოკვლევები ადასტურებს (ვიღაცას შეიძლება არ სჯეროდეს ამ გამოკვლევების), რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ძირითად ოპოციზიურ ძალად და დიდი განსხვავება არ არის მასსა და “ქართულ ოცნებას” შორის. ეს გარკვეული წარმატებაა იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ.

ცხადია, ყოველთვის მეტი უნდა უნდოდეს ნაციონალურ მოძრაობას. მისი პროგრამა მინიმუმი არის ძირითადი ოპოზიციური ძალის სტატუსი არ დათმოს და, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით მომავალი პარლამენტი იქნება ჭრელი, ნამდვილად არის იმის შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობით არსებული კოალიცია აღმოჩნდეს უმრავლესობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი