“ნეტგაზეთთან” საუბარში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი, დავით ბაბაიანი სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა:
“მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და პროცესი დაიწყო. ოფიციალურმა ერევანმა ნათლად განმარტა, რომ აზერბაიჯანის ახალი აგრესიის შემთხვევაში, სომხეთი დაუყოვნებლივ და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. აღიარებას არ აქვს ალტერნატივა, შესაბამისად, თუ აზერბაიჯანი თავის აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ან ომს დაიწყებს, პასუხს მიიღებს”.
ბაბაიანის განცხადებითვე, აღნიშნული პროცესის დაწყებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
“ეს არის ასევე მესიჯი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვისთვის ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სტატუსს ალტერნატივა არ აქვს და არ შეიძლება სპეკულაციის საგანი იყოს”.
ბაბაიანი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მიერ ყარაბაღის ამ დრომდე არ აღიარება უპრეცედენტო კონსტრუქციულობაა მოლაპარაკებათა პროცესში, რამდენადაც არსებობს რისკი, რომ აღიარების ფაქტმა მოლაპარაკებათა პროცესში, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
“თუმცა, თუ აზერბაიჯანი ასე თამაშობს მოლაპარაკებათა პროცესში, ანადგურებს მას, ვის და რას ველოდოთ?! ამიტომ, ვიმეორებ, დაიწყო პროცესი, რომელიც არის აზერბაიჯანის ნაბიჯების შედეგი, ამიტომ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ის.”
2016 წლის 5 მაისს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტს და განსახილველად სომხეთის პარლამენტში შეიტანა.
სომხეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტის მიღება სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული.
მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სომხეთის ოპოზიციის კანონპროექტს სომხეთის პარლამენტმა კენჭი 2014 წელსაც უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.
აქამდე ოფიციალური ერევნის პოზიცია იყო, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლიდა. თუმცა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის 5-დღიანი შეტაკებების შემდეგ სომხეთში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა.