ახალი ამბები

აგულაშვილი გიორგი ვაშაძის ენმ-დან წასვლაზე: ეს არც გამხარებია და არც მწყენია

5 მაისი, 2016 • 1418
აგულაშვილი გიორგი ვაშაძის ენმ-დან წასვლაზე: ეს არც გამხარებია და არც მწყენია

გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის გიორგი ვაშაძის ნაციონალური მოძრაობიდან წასვლა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია:

“ეს არც პროცესის დასაწყისია, არც პროცესის დასასრული. ჩვენ კიდევ ვნახავთ, ამ პროცესებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ან დატოვებენ ამა თუ იმ პარტიას, ან არ დატოვებენ. ჩვეულებრივი პროცესია წინასაარჩევნოდ, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი როლი, ფუნქცია, შესაძლებლობები უკეთ დაინახონ, თუმცა ყოველთვის კონსენსუსის მიღწევა არ ხერხდება ხოლმე. ეს მათი საფიქრალია. მე არც გამხარებია ეს ინფორმაცია და არც მწყენია, სიმართლე გითხრათ. მივიღე ნეიტრალურად, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად,”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანმა გიორგი ვაშაძემ პარტია დღეს, 5 მაისს დატოვა. მან ამის მიზეზად დაასახელა პარტიაში დახურული მმართველობის სტილი, რომელიც ვაშაძის თქმით, შექმნეს გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ.  გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი