ჩვენ გარშემო აბსოლუტური ანალოგიები რომ არ არსებობს და ეს, პირველ რიგში, მსოფლიოს ჩამცხრალ თუ ჩაუმცხრალ კონფლიქტებზე ითქმის, კარგად ვიცი. მაგრამ ცოტა ხნის წინ ადამ მიხნიკის და ერთი უკრაინელი მწერლის მეგობრულ კამათს ვუსმინე და დავასკვენი, რომ საბოლოოდ ყველა დაპირისპირება, თუ მტრობა ბერდება და ხანდახან მათ ადგილას სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებები ჩნდება. პოლონეთმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ნაწილი დაკარგა, რომელიც ამჟამად უკრაინის მხარედ ითვლება, და პირიქით, რასაც უკრაინელები დასავლეთ უკრაინის ნაწილად თვლიდნენ, ახლა პოლონეთს ეკუთვნის. მიხნიკს და ბატონ მწერალს საკამათო თემები არ დაელევათ, მაგრამ ეს უფრო ეთიკური საკითხები იყო და არა ტერიტორიული. ამ ორმა ხალხმა, რომელსაც ერთმანეთთან არც ისე მეგობრული წარსული აკავშირებს, თავიანთ ურთიერთობას ახალი ჩარჩო უპოვა. სხვა დანარჩენს შორის ეს ჩარჩო ევროპაცაა, საერთო რეგიონის/სახლის განცდა, საერთო მეგობრები, ხედვა, მომავალი.
ორიოდე კვირის წინ ,,ნეტგაზეთმა’’ საინტერესო ბლოგი გამოაქვეყნა. ჩანაწერი აფხაზეთშია გაკეთებული. რვა ახალგაზრდა აფხაზი სამომავლოდ ჩვენ შორის შესაძლო ურთიერთობებზე საუბრობს. ბოლო თვეებში საკმარისად დაგროვდა ასეთი მასალები: რამდენიმე თვის წინ ,,სპუტნიკ აფხაზიაზე” წავიკითხეთ ერთი აფხაზი ახალგაზრდა კაცის და ერთიც ჟურნალისტი გოგონას მიერ ,,ენგურჰესის” მონახულების შემდეგ დაწერილი შთაბეჭდილებები. პრობლემა რომ იქითა მხარესაც აქვს და ეს პრობლემა ჩვენთვის კი არა, მგონი, მათთვისაც მოსაბეზრებლი ხდება, ეს აშკარაა. მაგრამ, მოდით, ყველამ საკუთარი თავიდან დავიწყოთ. აქვე შეგვიძლია დაწყება. ფსიქოლოგის დახმარება დაგვიჭრდება იმის გასარკვევად, რატომ კი არა, როგორ ვკითხულობთ, რატომ ვცხარდებით, მაინც რა მოლოდინი გვაქვს და რატომ ვტკეპნით ერთ ადგილს საქართველოს მოქალაქეები. ამაზე უფრო სერიოზული, უფრო მოსაბეზრებელი (იმაზე გაცილებით მოსაბეზრებელი, ვიდრე აფხაზების პრობლემის მოსმენა და ყურებაა) ისაა, თუ რა გულმოდგინებით ცდილობს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, არ დაინახოს კონფლიქტის ძირეული მიზეზები, არ გაიგოს რამე ახალი, რამე იმისგან განსხვავებული, რაც ამხანაგ ბერიასგან მწყობრ სისტემად გვერგო.
თუმცა ამაზე კიდევ უფრო მძიმე, როგორც ჩანს, ცნობიერების პრობლემაა- სიყვარულის და მტრობის, ცოდნის და უვიცობის, სიკეთის და უზნეობის როგორი აღრევა დაგვემართა კონფლიქტის მეორე მხარეს მდგარი ადამიანებისადმი. მე მგონი, მართლა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, როცა ცალი ხელით უფასოდ მკურნალობ აფხაზებს, მეორეთი კი ხრიკებს უწყობ; ერთ დღეს აფხაზებს ქართველი ერისთვის ყველაზე ძვირფას ხალხად აცხადებ, მეორე დღეს კი ამტკიცებ, რომ ,,ეს’’ აფხაზები ,,ის” აფხაზები არ არიან და ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ყველფერთან ერთად, თითქოს რაღაც კანონზომიერებაა, რომ გონიერი და კეთილგანწყობილი ადამიანები აფხაზებთან ურთიერთობისგან თავს შორს იჭირენ (ახლა სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ), სამაგიეროდ, ამ გაორებით დაავადებული ადამიანები არიან საოცრად აქტიურები.
რამდენიმე წლის წინ ჩემთვის სიურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, რომ ჩვენს კონფლიქტებზე მუშაობაში ფსიქოლოგებიც ყოფილან ჩართული. გავიდა დრო და მივხვდი, რატომაც შეიძლება ეს ძალიან სწორი იყოს. მაგრამ ახლა ისევ კითხვა მიჩნდება. კი, მაგრამ სად არიან ეს ფსიქოლოგები?
თუ ფსიქოლოგიაზე ოდნავ მაინც სწორი წარმოდგენა მაქვს, რა ტიპის კონფლიქტზეც უნდა იყოს საუბარი, ფსიქოლოგები ალბათ, პირველ რიგში, იმას გვირჩევენ, მეორე მხარის/ერთმანეთის ტყავის მორგება ვცადოთ. ალბათ იმის წარმოდგენაც შეიძლება, რამდენად გაუჭირდება ამის გაკეთება მხარეს, რომელსაც გაორების ნატამალი (ნიშანწყალი) არ ეტყობა. ამ მხარემ ზუსტად იცის, რა უნდა და, მართალია, სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფება, ის მაინც იცის, თან ზუსტად, რომ გაორებულ, ამიტომ კი არასანდო მხარესთან ყოფნას ზემოთ ნახსენები არასახარბიელო მდგომარეობა სჯობს, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს იმყოფება.
საქართველოს მოქალაქეს, მგონი, ეს ორი რამე აკარგვინებს წონასწორობას: მეორე მხარის ეს მკაფიო, გაუორებელი ცოდნა და უნდობლობა – თუ გნებავთ, დავარქვათ სიძულვილი, რაკი ჩვენს განზომილებაში ჩვენი გაორებების პასუხად ეს ასე გამოიყურება. ქართველებს წონასწორობის შენარჩუნება ამ ,,სიძულვილის” ყოველ გამოვლინებაზე უჭირთ.
ჩამოთვლილი მიზეზებით ვიღებთ უცნაურ სურათს, რომლის წიაღშიც წარმოუდგენელი დიალოგები ხდება შესაძლებელი. მათი კვინტესენცია შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: განმარტება: – ოდესღაც რუსეთის იმპერიამ აფხაზები საკუთარი მიწიდან აჰყარა, თურქეთში გაასახლა ან ყველა პირობა შექმნა სააამისოდ, მათ ადგილას კი, სხვებთან ერთად, ქართველები ჩაასახლა. შემდეგ იყო ბერიას პოლიტიკა – აფხაზური ენის აკრძალვა, ქართველთა ჩასახლების ახალი ტალღა; ამას მოჰყვა ათწლეულები, როცა ჩასახლებული ეთნოსის წარმომადგენელი ადგილობრივ მკვიდრს უმტკიცებდა, რომ იგი ,,ჩამოთრეულია”, ,, სტუმარი, რომელიც ,,ქართულმა მიწამ შეიფარა” (აქ ალბათ განსაკუთრებით უნდა ვუგდოთ ყური ფსიქოლოგის რჩევას და იმის წარმოსადგენად, რა დამოკიდებულებას იწვევს ადგილობრივ მკვიდრში ეს ნარატივი, აღწერილი სიტუაციის პროეცირება საკუთარი ეთნოფობიების, მაგალითად, არმენოფობიის ობიექტებზე მოვახდინოთ); ბოლოს კი იყო საბედისწერო სიბრიყვით დაწყებული ომი, რომელმაც ყოველი მეთორმეტე, თუ მეათე აფხაზი შეიწირა; ახლა არის თაობა, რომელსაც აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო საბჭოს, რეალურად კი ქართული ფორმირებების თარეში ბავშვობის კოშმარად აქვს ჩარჩენილი. ვისაც არ ახსოვს, ამ ამბებზეა გაზრდილი. პასუხი: – 1. განა თვითონ ყველაფერში მართლები არიან ჩვენთან? 2. მაგრამ მაინც ეს საშინელი სიძულვილი საიდან? შეგიძლიათ, მესამე, დუნე ვერსია დაამატოთ: ,, მაგრამ ეგენი რომ ის აფხაზები არ არიან?” ან “ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რუსები უკეთესები არიან?” ასეთ დროს ირკვევა, რომ სიტყვა ,,გასაგებია“, იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც გასაგებია. ეს სიტყვა კლიშეა, რომელიც ინფორმაციის ასხლეტვაში გვეხმარება, ტრამპლინია შეტევაზე გადასვლელად.
შეგვიძლია დავამშვდოთ საზოგდოება: რუსებიც იღებენ თავიანთ წილ ,,სიძულვილს” და არც ქართული მხარისადმი ,,სიძულვილის“ განელებაა შეუძლებელი. შესაძლოა, ,, გასაგებია“-ს ,, განკლიშებამ“ და მისი ნამდვილი შინაარსით გამოყენებამაც გაგვიკეთოს სასიკეთო საქმე.
რამდენიმე თვის წინ აფხაზმა დეპუტატმა ალმასხან ჯაპუამ ის დაფარული კანონპროექტი გამოიტანა დღის სინათლეზე, რომელიც უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას უკავშირდებოდა და საზოგადოებას მის საჯარო განხილვას ,,არიდებდნენ”. აპრილში მის მანქანაში დეტონატორი აღმოჩნდა დაყენებული. ალმასხან ჯაპუა შემთხვევით გადარჩა. ამაზე რამდენიმე დღის წინ ვინმე ვიტალი ბელსკიმ რუსულ მხარეს ,,ააცილა’’ და ხელი მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებისკენ გაიშვირა. საქართველო ძალიან მოულოდნელად (დათბობაა) ჩამონთვალში არაა დასახელებული. ბელსკი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი კადრია. აფხაზები ამ ამბავს ცხარედ არჩევდნენ სოციალურ ქსელებში . ერთ-ერთ კითხვას – იმას, რომელიც ,,რუსეთის სიყვარულს” უკავშირდება, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მძაფრად, დაუფარვად და ა.შ. კომენტირებისას ისევ ის კატეგორია პასუხობს, რომლებიც ზოგადად, ფეისბუკის მაგალითით ვმსჯელობ, ასე ქართველებზე წერენ. ეს აფხაზი ნაციონლისტების გულწრფელი ნაწილია, რომლებიც, ქართველი ვიზავისგან განსხვავებით, მხოლოდ სიტყვით არაა პატრიოტი და იქ, სადაც რუსული ინტერესი აფხაზური სახელმწიფოს ძირეულ ინტერესს ლახავს, ,,თან ჩაყოლას” არ არჩევს, მიუხედვად იმისა, რომ ნაგულისხმევ თუ გამოხატულ ,,სიძულვილს“ თან აუცილებლად ურთავს კომენტარს, რომ აფხაზეთში ანტირუსული ძალები არ არის და ვერც იქნება. აფხაზეთი მართლაც პრორუსულ ანკლავად ითვლება და სხვად ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება, მაგრამ მის ,,პრორუსულობაში” საინტერესო შრეები მოჩანს, ამათგან თითოეული მშრალი პრაგმატული მოსაზრებებითაა ჩაკირული. ქართველი პროპაგანდისტების მსგავსი ტიპაჟი, ,, ერთმორწმუნეობის” და სულიერი ახლობლობის აქცენტირებით დაღლილი ( თუ დაუღლელი) პატრიოტი აქ თითქმის არ შემხვედრია. ვიმეორებ, ეს არის კატეგორია, რომელიც ქართულ მხარეს ყველაზე მეტად ამკობს. არსებობენ იმ ხარისხის ნაციონალისტები, რომელთა შესატყვის კატეგორიას ქართულ გარემოში თავად აფხაზებივე მონათლავდნენ ,,ფაშისტებად”. 2014 წლის არჩევნებში ეს იმ ამომრჩევლის ერთ-ერთი სეგმენტი იყო, რომელმაც დღევანდელი ხელისუფლება აირჩია, მაგრამ დაინახა თუ არა, რომ ბოროტების წყარო ,, პროქართული” ( სწორედ ამათი და არა სხვათა ვერსიით) ანქვაბი არ ყოფილა და ეს როლი პრინციპში ჩანაცვლებადია, მას მაშინვე გაემიჯნენ.
ოდესღაც სერიოზულად ვიყავი დაფიქრებული კავკასიური მტრობის და მორიგების თემაზე. ზოგიერთი რამ დამახასიათებელი იყო ჩვენი რეგიონისთვის და ურთიერთგამომრცხავი ჩანდა. ნეტავი რომელი მოსზრებაა სწორი აქ, ამ რეგიონში, სადაც სისხლის აღების ჩვეულება ბოლომდე ჯერ არ დაკარგულა, განცდილ ტრავმებს ადვილად არ პატიობენ და მტრობა თაობიდან თაობაზე გადადის, თუ პირიქით, მეომრულ-ფეოდალური წყობიდან ახალგამოსული ხალხებისთვის, ვისთვისაც შესაბამისი ეთიკა უცხო არაა, ომი კი, ჩვეული საქმე, ფართო ჟესტით ხდება პატიება, როცა მხარეები ერთმანეთს ამის საშუალებას აძლევენ? მეჩვენებოდა, რომ აქ არის ამის ნიშნები. ამასთან, პატრიარქალურ საზოგადოებაში ძალის თუ ძალაუფლების მიმართ აქვთ მოწიწება თვით ყველაზე ,,მეომრულ” ხალხებს, მაგალითად, ჩეჩნებს. რაკი რუსეთის სახელმწიფო საკმარისად ძლიერია, ჩეჩენი ისე არასდროს დაელაპარაკება რუსს ინტერნეტსივრცეში, როგორც აფხაზი- ქართველს. აფხაზი-რუსს რომ მით უფრო, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. იშვიათ ეგზემპლარებს ყირიმის ,,დაბრუნებაც“ საკუთარი ძლევამოსილების ილუზიას უქმნის. ხომ აქვთ რუსებს გამოთქმა ,, ერთად ვხნავდით“ – ეს შემთხვევაა. ესეც ერთი პატარა აგური კავკასიური პატრიარქატის დეკონსტრუქციის საქმეში. თუმცა არის კავკასიაში ჩვენსაზე გაცილებით მწვავე და შეურიგებელი, ყარაბახის კონფლიქტი, სადაც ზემოთ მოტანილ ,,შერბილების“ შანსზე საუბარიც ძნელია.
ქართულ –აფხაზური კონფლიქტი სადღაც შუაშია და თუ აფხაზების ერთი ნაწილის ქცევა ქართველებთან ფიწლებიანი ჯანყის მერე მუშტების ქნევას ჰგავს, ქართული ნაივური დაყვავებანი, მგონი, ამაზე უარესად გამოიყურება. ქართულ მხარეს შემორჩენილი აქვს მეომრული კულტურის არა, უფრო წვრილი აზნაურის ეთიკის ნიშნები, რომელიც კეთილშობილური ჟესტისთვის მოუმზადებელია ( მატერიალურადაც), მაგრამ ძალიან უნდა, რომ ლამაზად გამოჩნდეს. თუმცა პრობლემა განა მარტო ისაა, რომ ცალი ჩექმა აქვს და იმისთვის, რომ სამყაროს თავისი არტისტულ-არისტოკრატული პერსონა დაათვლიერებინოს და მის განუმეორებელ ხიბლში დაარწმუნოს, მეორე ცალის გამოჩენას ელოდება. როცა საშულება ეძლევა, ნასესხები ფულით მეორე მხარის დასანახად ,,გაპრიალებულ’’ ქალაქს და ცათამბჯენებს აშენებს, რომელშიც (თუმცაღა) ადგილი ამ ცალჩექმიანი პერსონაჟისთვისაც არ მოიძებნება და რუსი ტურისტები შესევიან.
სტატია , რა თქმა უნდა, აფხაზების გამონათქამებზე ქართველი მკითხველის რეაგირებამ დამაწერინა. თუმცა მე, მაგალითად, ერთი ფაქტი უფრო ჩამრჩა მეხსიერებაში. წვრილმანია, თითქოს არც ღირს ამაზე ლაპარაკი, შეიძლება ამაზე აქცენტირებაც სასაცილო მოეჩვენოს აქაურ სკეპტიკოსებს – მცენარეული საფარის შესაწამლი ნივთიერების უფასოდ გადმოცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის. მაშინ მომეჩვენა, თითქოს ვიგრძენი, რომ შესაძლოა აფხაზურ მხარეს მოსწონს ასე მოქმედება, სასურველი მომავლის ამნაირი პროეცირება აწმყოზე– ასე მგონია, ბევრი აფხაზი ნამდვილ დამოუკიდებლობას ასე ხედავს, ომის და საფრთხის გარეშე. საქართველო მეგობარი სახელმწიფოა, შესაძლოა, ერთადერთი სახელმწიფო. მისი ხალხი – შესაძლოა, ერთადერთი ხალხი დედამიწის ზურგზე, რომელიც აფხაზეთს/აფხაზებს ყველაზე კარგად იცნობს და ესმის ისე, როგორც ოდესღაც იყო. თითქოს ერთ ნავში ვართ და ყურადღების ამ წვრილი ჟესტების წყალობით ეს ნავი მღვრიე წყლებიდან გაღწევის იმედს იძლევა, საერთო ჩარჩოსაკენ, ისეთისკენ, როგორც, მაგალითად, უკრაინამ და პოლონეთმა იპოვეს. მეტიც, ჩვენ უფრო ვიწრო, შინაური ჩარჩოც გვაქვს, ეს ჩვენი სახლია და ჩვენი რეგიონი, კავკასია ჰქვია.