ნეტგაზეთი | 8 აფხაზი ახალგაზრდა რუსეთისა და საქართველოს შესახებ 8 აფხაზი ახალგაზრდა რუსეთისა და საქართველოს შესახებ – Netgazeti
RU | GE  

8 აფხაზი ახალგაზრდა რუსეთისა და საქართველოს შესახებ

აფხაზეთის საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. როგორ მართო ქვეყანა და რა გააკეთო მის ასაღორძინებლად, აქ თითქოს ნებისმიერმა იცის. გამონაკლისი არც ახალგაზრდები არიან. განსაკუთრებით მწვავედ საგარეო პოლიტიკის პრობლემებს განიხილავენ. ურთიერთობები უახლოეს მეზობლებთან – რუსეთთან და საქართველოსთან, დღის წესრიგში რჩება და მოქალაქეთა თითქმის ყველა მცირე ჯგუფის განხილვის თემაა.  რას ფიქრობენ დღეს აფხაზეთში საქართველოსთან და რუსეთთან თანაშრომლობის პერსპექტივებზე, ამ თემაზე სოხუმში მცხოვრები ახალგაზრდები გამოვკითხეთ:

ქრისტინე ძაძამია

ქრისტინე ძაძამია

ქრისტინე ძაძამია, 25 წლის, ფსიქოლოგი, სამი წელია ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს. ამბობს, რომ საქართველოზე მეტად აფხაზეთს პერსპექტივა რუსეთის ფედერაციასთან აქვს.

“რუსეთი ჩვენი პარტნიორია, ის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ვფიქრობ, ჯერჯერობით, საქართველოსგან კარგს არაფერს უნდა ელოდე. არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, ანუ ისევ ომის დაწყების რეჟიმში ვიმყოფებით. სანამ ეს ხელშეკრულება არ გაფორმდება, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთოების წინსვლა წარმოუდგენელია”.

ნადეჯდა ტერზიანი, ჟურნალისტი ფოტო: მარიანა კოტოვა

ნადეჯდა ტერზიანი, ჟურნალისტი
ფოტო: მარიანა კოტოვა

ამბობს, რომ ვერაფრით წარმოუდგენია, ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძრას:

“ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი ჩვენს ხალხებს შორის და ურთიერთობის ეს მრავალწლიანი არარსებობა კიდევ უფრო გვაშორებს კულტურულ ჭრილშიც. მე არ მესმის ქართული, არ ვიცი მათი ჩვევები და თვისებები. შესაბამისად, პოლიტიკური სიტუაცია რომც შეიცვალოს, ამ მენტალური ბარიერისგან თავის დაღწევა რთული იქნება.

ამასობაში, ხდება სისტემური დაახლოება რუსეთთან. სულ უფრო მეტი რუსი ჩამოდის ჩვენთან დასასვენებლად და მუდმივად საცხოვრებლად. ჩვენ ხშირად ვმონაწილეობთ რუსეთში გამართულ გარკვეულ ფესტივალებსა თუ სპორტულ ღონისძიებებში, ძირითადად, იმ მიზეზით, რომ სხვა ქვეყანებში არ გვიშვებენ, ისევ და ისევ ქართველების მცდელობების გამო. იქნებ, ოდესმე, ასე 50 წლის შემდეგ, როდესაც საერთო მსოფლიო სიტუაცია შეიცვლება, ქართველები ისევ გახდებიან ჩვენი ძმები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში ეს არ მოხდება“.

ვიქტორ როგანოვი, სისტემური ადმინისტრატორი, სოხუმი. ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი, 2016

ვიქტორ როგანოვი, სისტემური ადმინისტრატორი, სოხუმი. ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი, 2016

ვიქტორი ფიქრობს, რომ ნებისმიერ პატარა ქვეყნას, გადასარჩენად საკუთარი მეზობლებისგან მაქსიმუმის “გამოწურვა” სჭირდება, ამასთან, საკუთარი ინტერესების დაცვა, სიამაყე და ნაკლები ილუზიები მეზობლებთან ურთიერთობაში, როგორი კეთილებიც არ უნდა ეჩვენებოდნენ მას ისინი:

“ჩვენთვის აუცილებელია ლავირება ისე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ერთსაც აწყობდეს და მეორესაც. ნებისმიერ მეზობელთან დაახლოება ჩვენთვის მომაკვდინებელია. კარგია, რომ ბოლო წელს რუსეთი ფინანსურად ისე აღარ გვეხმარება, როგორც ადრე და დამოუკიდებლად ცხოვრებას ვსწავლობთ. რაც შეეხება საქართველოს, მისი პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია. თან ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ”.

მარია კაცუბა სასტუმრო ბიზნესის სფეროს სპეციალისტი, ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი,

მარია კაცუბა სასტუმრო ბიზნესის სფეროს სპეციალისტი, ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი,

მარია დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი უახლოეს მომავალში მხოლოდ დასავლეთისკენ უნდა ისწრაფოდეს. თუმცა, აქვე ამბობს:

“თუ საქართველო ჩვენთან მიმართებაში პოზიციას შეიცვლის, მაშინ რაღაც დიალოგზე საუბარი შესაძლებელი იქნება, თუმცა იქამდე, სანამ ის აფხაზეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას, ამ ქვეყანასთან რა ურთიერთობებზეა საუბარი?! მითუმეტეს, იქ ჩვენზე არაფერი იციან, მითებს თხზავენ და სჯერათ ამ მითების. რუსეთმა კი ბევრი გააკეთა ჩვენთვის. ეს უნდა გვახსოვდეს და ვაფასებდეთ. პატარა ქვეყნისთვის დიდი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე რთულია. ასეთია ჩვენი ურთიერთობები და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”.

ნაინე ატუმავა, 19 წლის, სტუდენტი. ფოტო: მარიანა კოტოვა

ნაინე ატუმავა, 19 წლის, სტუდენტი. ფოტო: მარიანა კოტოვა

“რუსეთი ჩვენი მეგობარია, საქართველო მტერი. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი მხარს გვიჭერს და ყველაფერში გვეხმარება, საქართველო კი, ამ დრომდე ჩვენი ეთნოსის არსებობის ფაქტს არ აღიარებს. მე მაშინ დავიბადე, როდესაც საქართველო ჩვენ მიმართ უკვე მტრულად განწყობილი ქვეყანა იყო. მე არ გამიგია ქართული, და არც მაინტერესებს ვინ არიან ეს ადამიანები”.

საიდ კუჯბა , აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ფოტო: მარიანა კოტოვა

საიდ კუჯბა , აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ფოტო: მარიანა კოტოვა

საიდი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის ყველა შესაძლო სფეროში რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო:

“საქართველო ამ დრომდე აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, ევროპაში აფხაზეთის მცხოვრებთა გასვლას ზღუდავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვძულდნენ. რუსეთი კი, არა მხოლოდ ფინანსურად გვეხმარება, გასათვალისწინებელია ტურისტული ნაკადიც. ჩვენთან ხომ დასასვენებლად ძირითადად რუსეთიდან ჩამოდიან. ჩვენც მუდმივად ჩავდივართ იქ, ვმუშაობთ და ვერთობით. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. რუსეთი რომ არ ყოფილიყო, დაკონსერვებული ვიქნებოდით”.

მადინე ატუმავა, სოხუმი, ფოტო: მარიანა კოტოვა, 2016, სოხუმი

მადინე ატუმავა, სოხუმი, ფოტო: მარიანა კოტოვა, 2016, სოხუმი

ის ნაკლებად კატეგორიულია მეზობლებთან ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას:

“ადრე თუ გვიან ჩვენ ისევ გვექნება საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა, ეს გარდაუვალია. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ძალიან ახლობელი ვართ ერთმანეთისთვის. ჩვენი ოჯახები გადაჯაჭვულია ერთმანეთს. ჩვენს შორის ბევრის ნათესავი ენგურს გაღმა ცხოვრობს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ნორმალურად ურთიერთობა იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა შევარდნაძის ხაზის გაგრძელება გადაწყვიტეს. უკვე მოვიდა დრო იმის აღიარების, რომ აფხაზეთი არსებობს და აფხაზები არსებობენ, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მოვიდა დრო ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვქონდეს”.

მანუელა შანავა, ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი, 2016

მანუელა შანავა, ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი, 2016

საქმიანობიდან გამომდინარე მას სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის კავშირები აქვს საქართველოსთან, თუმცა, არალეგალური.

“ეს ცუდია, ჩვენ არ შეგვიძლია ღიად ურთიერთობა იმიტომ რომ ეს საშიშია და სასირცხვილო. თუმცა, ამაში თავად ქართველები არიან დამნაშავე. საკმარისია მოინდომონ და ჩვენ ისევ ღიად გავხდებით ერთმანეთისთვის ძმები. უბრალოდ საჭიროა, გვაღიარონ. ერთია ურთიერთობა ძმებს შორის და მეორე – პოლიტიკოსების გამოხტომები. ვინ იცის რა მოუვა თავში საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთი კი, რამე რომ იყოს, დაგვიცავს”.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.