ქართული დელეგაცია დათანხმდა შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული შემოთავაზების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, ასევე, მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.
“27 ოქტომბერს შვეიცარიაში, ჟენევაში, შედგა შეთანხმება შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც მედიატორმა, შესთავაზა რუსეთსა და საქართველოს. ამ შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქართველო–რუსეთის ოფიციალურ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც აქამდე არ ხდებოდა. ეს მონიტორინგი განხორციელებული იქნება საერთაშორისო მონიტორების მიერ.
მისივე თქმით, ამ შეთანხმებით ქარწყლდება ყველა ის მცდელობა, რომ მომხდარიყო საკითხის პოლიტიზება და ეს საკითხი გადატანილიყო სტატუსზე დისკუსიების ჭრილში.
“მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს არ იქნება ამ ტვირთების მონიტორინგის ორმაგი თუ სამმაგი რეჟიმი და იქნება მხოლოდ ერთი რეჟიმი, ოკუპირებული და არაოკუპირებული საქართველოსთვის,” – აღნიშნა გორდაძემ და დასძინა, რომ საბოლოო ნაბიჯი ახლა რუსეთმა უნდა გადადგას.