ახალი ამბები

პრაიმერიზში ტრამპთან დამარცხების შემდეგ ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა

4 მაისი, 2016 •
პრაიმერიზში ტრამპთან დამარცხების შემდეგ ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა

3  მაისს ინდიანაში ჩატარებულ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის კიდევ ერთი მოსურნე, ტედ კრუზი დაამარცხა  – კრუზი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა.

The Guardian-ის ცნობით, ინდიანას შტატი კრუზს შანსს აძლევდა, რომ გაემეორებინა აიოვასა და უისკონსინში განცდილი წარმატება, თუმცა რესპუბლიკელმა კრუზმა დელეგატების 35.8%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე რესპუბლიკელმა ტრამპმა – 53.5%. ოჰაიოს გუბერნატორმა ჯონ კასიჩმა კი 7. 6%.

აშშ-ს პრეზიდენტობის მსურველს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს აქვს 1047 ხმა, ხოლო ტედ კრუზს, რომელიც ტრამპის ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიიჩნეოდა – 565.

BBC-ის ცნობით, ტრამპი, რომლის გამარჯვებასაც საარჩევნო კამპანიის დასაწყისში სერიოზულად არავინ უყურებდა, ახლა 1,237 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რათა გახდეს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი.

ინდიანაში ჩატარებული პრაიმერიზი დემოკრატიული პარტიის ნომინანტებს შორის ასე გადანაწილდა: ბერნი სანდერსმა 52%-ით აჯობა ჰილარი კლინტონს, რომელსაც 48%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება ზოგად შედეგს, კლინტონს სულ 2 242 დელგატის მხარდაჭერა აქვს, და ნომინაციისთვის 2,383 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება. რაც შეეხება ბერნი სანდერსს, მას 1400 დელეგატის მხარდაჭერა აქვს.

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირება დამოკიდებულია დელეგატებზე – იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ შტატებს პარტიის ყრილობებზე.

პრეზიდენტობის მსურველებს ნომინაციის მისაღებად სჭირდებათ მათი პარტიის დელეგატების 50%-ის მხარდაჭერა. დემოკრატებისთვის 50% არის 2,383 დელეგატი, ხოლო რესპუბლიკელებისთვის – 1,237 დელეგატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი