ახალი ამბები

ოქროყანაში მერიის მიერ აუქციონზე გამოტანილი 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიყიდა

3 მაისი, 2016 • 2586
ოქროყანაში მერიის მიერ აუქციონზე გამოტანილი 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიყიდა

თბილისის მერიის მიერ ოქროყანაში დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული საჯარო აუქციონი დასრულდა.

აუქციონზე მხოლოდ ერთი ბიჯი დარეგისტრირდა და, შესაბამისად, გამარჯვებულიც მისი ავტორია, თუმცა ჯერ უცნობია ვინ შეიძინა ეს მიწა, რადგან როგორც ნეტგაზეთს მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. სააგენტოს ცნობით, შემსყიდველის ვინაობა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ის ქონებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებს.

ფასი, რომლის გადახდასაც მერია მყიდველისგან ითხოვდა, 6 233 000 ლარია [კვადარატული მიწის ფასი 21 ლარი], თუმცა მყიდველმა თავისი ბიჯი  6 326 495 ლარით განსაზღვრა.

რუკაზე ლურჯად მონიშნულია ადგილი, რომელიც აუქციონის შედეგად გაიყიდა

რუკაზე ლურჯად მონიშნულია ადგილი, რომელიც აუქციონის შედეგად გაიყიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია “თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს” დილიდან მოუწოდებდა “დანაშაულებრივი აუქციონის”შეწყვეტისკენ, რომელიც მისი მტკიცებით, “ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვას ისახავს მიზნად”.

„საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 17:00-ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა.

როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად მიიტაცა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ისე, რომ 1, 5-ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისა და თავად ივანიშვილისა. დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობას აზრადაც კი არ მოსვლია.

კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველა პასუხისმგებელ პირს – დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებული ბატონებით – ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი.

თბილისელები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს მილიარდერი კერძო პირის საკუთრება, თბილისელები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქის კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ტერიტორია ივანიშვილის კერძო ფაზენდა გახდეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი. კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრა მხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვ/მ 21 ლარად, მაშინ, როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმა მშენებლობის უფლების გარეშე კვ/მ შეიძინა 36 ლარად.

იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივ ინტერეს და მეტიც – მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაც გაერთიანდება ყველა – იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი, სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი.

საკითხი, რომელიც თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი, მიუხედავად პროფესიისა და პოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“, – განაცხადა ნიკა მელიამ 3 მაისს, დილით გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის მერია  აუქციონზე   ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწას სასტუმროს ასაშენებლად ყიდდა.

აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი  6 მილიონ 233 ათასი ლარი იყო. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000  კვ.მ.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.

აუქციონის გამარჯვებული ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

აუქციონი 22 აპრილს გამოცხადდა. ტერიტორიას აქვს სარეკრეაციო ზონა 2 -ის სტატუსი.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს საჭიროებას ასე განმარტავს:

” როდესაც ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზის განვითარება მოიცავს თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რადგან ეს მხარე თბილისში არის ჯერ კიდევ აუთვისებელი და გზის გაყვანა იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რატომაც არა?! – გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც თბილისთან დამაკავშირებელ გზებზე, არსებობს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, იგივე რესტორნები. რატომ არ შეიძლება ამ გზაზეც არსებობდეს მსგავსი რამე, თუ ეს იქნება თბილისელებისა და სტუმრებისთვის საინტერესო? ეს არის ბოტანიკური ბაღისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორია. მერია არ აპირებს აუქციონის გაუქმებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი