ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი საქმე

2 მაისი, 2016 • 2940
პაატა ბურჭულაძე: პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი საქმე

“ თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, გავაერთიანო ეს ხალხი იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ”, – განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

საოპერო მომღერალმა და საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებელმა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს,  ეს განცხადება 1 მაისს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიტიკაზე ისაუბრა და ამაზე მინიშნებები გააკეთა:

“ თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, გავაერთიანო ეს ხალხი იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. იმიტომ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება . მე მგონი, ქვეყანას დღეს სწორედ აქ ვჭირდები. იყო დრო, როდესაც მე ვჭირდებოდი სცენაზე, იყო დრო, როცა მე ვჭირდებოდი იავნანაში [ფონდი] და ივერიაში [ფონდი], და ახლა აქ”.

ამის შემდეგ ოპერის მომღერალმა და ფონდის დამფუძნებელმა პოლიტიკაზე ისაუბრა:

“რომ იძახიან, პოლიტიკა ჭუჭყიანი საქმეაო, არ არის ჭუჭყიანი. თუ სუფთა და პატიოსანი ხალხი შემოვიდა პოლიტიკაში, ის შეიძლება ძალიან პატიოსან საქმედ იქცეს”.

პაატა ბურჭულაძე მაისში აპირებს განაცხადოს, მიიღებს თუ არა მისი ფონდი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მანამდე კი ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში სხვა პოლიტიკოსების მსგავსად კამერების თანხლებით მიდის ბაზარში, ეკლესიაში, მშობლიურ სახლში და ბავშვებთან.

მანამდე კი, სანამ საჯაროდ გახდება ცნობილი ინფორმაცია  ბურჭულაძის პოლიტიკური ინტერესების შესახებ, იგი ფინანსური მონიტორინგის მიღმაა.

როგორც “სამართლიანი არჩევნები” განმარტავს, პოლიტიკური და საქველმოქმედო საქმიანობა ერთდროულად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  დაუშვებელია.

კერძოდ, თუ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი აქვს, მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და დაექვემდებაროს პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს. ამასთან, უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქველმოქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.

“სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 მარტს  „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდმა“  აცნობა, რომ  ფონდს არ გააჩნია არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები და უარყო გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სწორედ ფონდის განმარტებებს, რომ არ გააჩნიათ საარჩევნო მიზანი, დაეყრდნო სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარტში, როცა  განაცხადა, რომ არ გააჩნდათ ფორმალური საფუძველი,  რათა „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ დაექვემდებარებულიყო პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს.


 

მნიშვნელოვანი დეტალები:

➽2016 წლის 28 მარტს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები,  რომლის თანახმადაც პაატა ბურჭულაძე  მოსახლეობის 75% -ს მოსწონს და ის ყველაზე რეიტინგული ფიგურაა.

➽IRI -ის იგივე კვლევის თანახმად, თუკი პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის მესამე ადგილზე გავა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.  გამოკითხულთა 12% -მა განაცხადა, რომ ბურჭულაძის ორგანიზაციას დაუჭერდა მხარს, თუკი არჩევნები  მომავალ კვირას ჩატარდებოდა.

➽2015: პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანია   “ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია”. ბურჭულაძემ  მაშინ განაცხადა, რომ ფონდის მიზანია დაასრულოს ნეპოტიზმის და შიშის ეპოქა. ამასთან, საოპერო მომღერალმა განაცხადა, რომ ფონდის გაძლიერების მიზნით, 2016 წელს დაგეგმილი კონცერტების კონტრაქტები გააუქმა.

➽2014 წლის მაისში პაატა ბურჭულაძემ სასულიერო პირებთან და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად შემოუფრინა  თბილისსა და მცხეთას, რის შემდეგაც ვერტმფრენი მახათას მთაზე დაეშვა, სადაც უდიდესი ტაძრის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ამ ტაძრის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი პაატა ბურჭულაძე იყო, რომელმაც ამისთვის სპეციალური ფონდი “ივერია” დააარსა. ფონდის ანგარიშზე თანხას მოქალაქეებიც რიცხავდნენ.

➽ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პაატა ბურჭულაძეს განიხილავდნენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად. მაშინ განაცხადა, რომ “არც უარს ამბობს და არც -კის”. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს [ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომელიც მაშინ კანდიდატი იყო] კონკურენციას ვერავინ გაუწევდა, მათ შორის პაატა ბურჭულაძეც. თუმცა ივანიშვილი მოგვიანებით თავად დაუპირისპირდა მარგველაშვილს.

➽2015 წელს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბურჭულაძემ რუსეთზე ისუბრა და განაცხადა, რომ “რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია”.

➽ 2015 წელს პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მისთვის #1 ქართველი და ადამიანია: “უწმინდესი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოს ცხოვრებას”.

პაატა ბურჭულაძე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავთა გალა კონცერტზე ვენაში. ავსტრია, 23 ივნისი, 2008. ფოტო: EPA/HERBERT P. OCZERET

პაატა ბურჭულაძე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავთა გალა კონცერტზე ვენაში. ავსტრია, 23 ივნისი, 2008. ფოტო: EPA/HERBERT P. OCZERET

მასალების გადაბეჭდვის წესი