ახალი ამბები

რატომ არ გაზომეს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი IRI-ის კვლევაში

29 აპრილი, 2016 • 1655
რატომ არ გაზომეს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი IRI-ის კვლევაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების მიმართ მოსახლეობის კეთილგანწყობა გაიზომა, არ მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როცა იმავე კვლევით გაიზომა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ფონდის”, დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის რეიტინგი.

IRI-ის კვლევის მიხედვით, პაატა ბურჭულაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 75% და ამ მაჩვენებლით კვლევის ამ ნაწილის ლიდერია. თუმცა აღნიშნულ კვლევაში არ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, არც ყოფილი პრეზიდენტი და მსხვილი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. რატომ არ მოხვდნენ ეს ადამიანები კვლევის იმ ნაწილში, რომლითაც გაიზომა “პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების” რეიტინგი, ამ კითხვაზე ნეტგაზეთს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ლადო რაზმაძემ უპასუხა. მან თავდაპირველად კითხვარის შედგენის პროცედურა განგვიმარტა, რომლის მიხედვით კითხვარი (სტანდარტული შეკითხვებით) დგება თბილისში, IRI-ის ადგილობრივ ოფისში, დამატებითი კითხვები დგება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციით და შეჯერებული კითხვარი იგზავნება ვაშინგტონში, IRI-ის სათაო ოფისში, რომელიც აქვეყნებს საბოლოო ვერსიას.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა კითხვარში ბიძინა ივანიშვილი, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა:

“ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ამოვიღეთ იმის მერე, რაც ის წავიდა პოლიტიკიდან. ჩვენ ამოვიღეთ მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც ის წავიდა უკრაინაში. ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის, მე მგონი, და ეგ იყო ჩვენი ინტერესი, რომ ბურჭულაძე დაგვეტესტა. ეს ციფრი აჩვენებს მოსახლეობის კეთილგანწყობას და არ ნიშნავს, რომ მას ხმას მისცემს 75%”.

პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” 2015 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნა. მოგვიანებით, ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამ ფონდს პოლიტიკური მიზნები არ აქვს: “ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანობა და დამთავრდეს ადამიანების ჩემიანებად და სხვებისებად გამოყოფა. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გასული წლის 24 დეკემბერს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ნაწილი მას არაფორმალურ მმართველობაში დღემდე ადანაშაულებს. ამას გარდა, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებმა, გია ვოლსკიმ და თამაზ მეჭიაურმა მიმდინარე წლის დასაწყისში ღიად განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი კოალიციის სამზადისში, მათ შორის, საუბარია მის შესაძლო მონაწილეობაზე საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში. თავად ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას აქვს საზოგადოების მხრიდან “ჭარბი ნდობა” და შესაბამისად – დიდი გავლენაც მოქმედ ხელისუფლებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი