პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამთავრობო ბრიფინგზე კვეზერელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამინისტროს ახალ ხედვასა და ახალ ენერგიაზე გაამახვილა.
“მადლობა უნდა გადავუხადო ბაკურს გაწეული სამუშაოსთვის. ის ექვსი წელია მუშაობდა სოფლის მეუნეობის სამინისტროში. აქედან სამ წელზე მეტი სოფლის მეუნეობის მინისტრად. მან ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. რთველის პრობლემა მოაგვარა. გაიზარდა სოფლის მეურნეობის გამომუშავება. გაიზარდა ექსპორტი. თუმცა ჩავთვალეთ, რომ საჭიროა ახალი ხედვა, ახალი ენერგია. და წარმოგიდგენთ ზაზა გოროზიას ამ პოსტზე. ის ექვსი წელია მუშაობს სამეგრელო –ზემო სვანეთის გუბერნატორად. მან მართლა კარგად გაართვა თავი ამ სამსხურს,” – აღნიშნა გილაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული ცვლილება ჩვეულებრივ გეგმურ ეტაპად მიიჩნია და სხვა ყველა ფაქტი გამორიცხა.
”როდესაც მთავრობაში მინისტრი იცვლება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბაკურმა ბევრი მიმართულებით ძალიან აქტიურად იმუშავა, როგორც რთველის საკითხებზე, ასევე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე. ყველა ქვეყნის მთავრობაში დგება დრო, როდესაც სამთავრობო ცვლილებები ხორციელდება. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ვინმემ ცუდად იმუშავა. უბრალოდ, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მან სხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.
თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები კვეზერელის გათავისუფლებას და მის ადგილზე ზაზა გოროზიას დანიშვნას ხელისუფლების მორიგ არაფრისმომცემ ნაბიჯად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივებს ვერ ხედავენ.
”აქ მხოლოდ მინისტრის გადაყენების საკითხი არ დგას. ერთ დროს მე ვბრაზდებოდი ამ მინისტრზე და ვაკრიტიკებდი, იმის გამო, რომ სრულიად უცოდინარი იყო აგრარულ საკითხებში. კვეზერელი შორს იყო ქართული სოფლის, გლეხკაცის პრობლემებისგან. მაგრამ, როდესაც დავუკვირდი, მივხვდი, რომ სოფლის მეურნეობის მიმართ თვითონ სახელმწიფოებრივი ხედვაა არასწორი. წარმოიდგინეთ, 2005 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობაში მიმდინარეობს სტაგნაციის პროცესი, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა არ განვითარებულა, პირიქით, ყოველწლიურად უარესდებოდა მდგომარეობა და ეს იმის ბრალია, რომ სამინისტროს დღემდე არ გააჩნია სამოქმედო გეგმა, ე.წ. აგრარული პოლიტიკის სტრატეგია. შესაბამისად, ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა აქვს, თუ ერთი კვეზერელის ნაცვლად მეორე კვეზერელი დაინიშნება,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.
მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობის სტრატეგია მხოლოდ სპონტანურ ღონისძიებებზეა აგებული, რომლის შედეგიც ჰიბრიდული სიმინდის მაგალითით კარგად წარმოჩინდა.
”ვერ დაინახა სახელმწიფომ ამ დარგის როლი და ადგილი, მისი პრიორიტეტულობა. რომ ეს მარტო აგრარული პროდუქციის წარმოება კი არ არის, ეს დარგი დაკავშირებულია ერის იდენტობასთნ. დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიის ⅔-ის განვითარებასთან. ეს უბრალოდ რიგით დარგად იქნა მიჩნეული, რომელიც თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ფულს მოითხოვს, რაც გაუკუღმართებული ხედვაა. სპონტანური, მოუფიქრებელი და ნაჩქარევი იყო ასევე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაც. ხელისუფლებამ რაც არ უნდა შეიქოს თავი, შედეგი სახეზეა, ამ პროექტმა არ გაამართლა,” – აღნიშნავს კოღუაშვილი.
თუმცა ექს-მინისტრი ბაკურ კვეზერელი მთავრობასთან ერთად საკმაოდ წარმატებულად მიიჩნევდა ჰიბრიდული სიმინდის პროექტს, რაზეც ხაზგასმით არაერთხელ თქმულა.
”ის ხალხი, ვინც ჰიბრიდული ჯიშის სიმინდზე იძახის, რომ ეს არის უშედეგო, რა თქმა უნდა, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ის საზოგადოება, რომელიც არ არის გაცნობიერებული ამ დარგში. თუმცა, ქართველმა გლეხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გაამართლა ჰიბრიდულმა სიმინდმა,” – განაცხადა ერთ-ერთ გამოსვლაში კვეზერელმა.
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საკადრო ცვლილებას სრულიად გაუაზრებლად აფასებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სრულ კატასტროფას წინასწარმეტყველებს.
”უწყებაში უმძიმესი მდგომარეობაა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 10 მილიონით მცირდება ამ სფეროს დაფინანსება, რაც კატასტროფულად აისახება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე. ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე მუდმივად ვოპონირებდით ხელისუფლებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში არსებობდა. სამწუხაროდ, ეს არაფერს არ შეცვლის და ეს არის ხელოვნური, არაფრისმომტანი ცვლილებები. სოფლის მეურნეობას სჭირდება პროფესიონალები და არა გოროზიასნაირი საქმეში ჩაუხედავი ადამიანები,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება ზაზა გოროზიას. ცაგარეიშვილი მას ეგზეკუტორს და სოფლის მეურნეობაში ჩაუხედავ მოხელედ მიიჩნევს.
”სამინისტროში უწყების ხელმძღვანელად მოიყვანეს ადამიანი, რომელიც ეგზეკუციებით იყო დაკავებული მთელი ამ სამი წლის მანძილზე სამეგრელოში. ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხელში გადაიქცა რუსი გენერლის მძღოლად და ეს არის მისი ყველაზე დიდი მიღწევა. ასევე მის მიღწევებში ”საპატიო ადგილი” უჭირავს ნელი ნავერიანის დაკავების ფაქტსა და სვანეთში განხორციელებულ ეგზეკუციებსა და ადგილობრივი მოსახლეობის დაწიოკებებს. მას ახლოსაც არ გაუვლია სოფლის მეურნეობის პრობლემებთან, ამ უწყების სატკივართან, იგი არ არის ამ სფეროს სპეციალისტი, ამიტომ, აქედან გამომდინარე, მისგან რაიმე სასიკეთოს ”თავისუფალი დემოკრატები” არ ელიან,” – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.
ექსპერტი პაატა კოღუაშვილი სოფლად შექმნილ უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც აკეთებს აქცენტს.
”უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა სოფლად. ბოლო სამი წელიწადია ქალაქში შობადობამ გადააჭარბა სოფლად შობადობას. მოხუცთა წილი, ანუ 65 წელს გადაცილებულთა წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 1,5 პროცენტით, ხოლო სოფლად მოზარდთა წილი 16 წლამდე შემცირდა 3,5 პროცენტით. ეს კატასტროფის მაჩვენებელია,” – აღნიშნავს კოღუაშვილი.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის გადარჩენის ერთადერთ გზად სოფლებში კოოპერაციების ჩამოყალიბებაში სახავს.
”აქ საჭიროა ისეთი პროგრამის განხორციელება, როგორიცაა კოოპერაცია, ანუ მიწის წვრილმესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბება და მათი ინტეგრაცია გადამამუშავებელ მრეწველობის საწარმოებთან. მხოლოდ ეს არის ერთადერთი და ძირითადი გზა ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნის გაჩენის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. თუმცა ამას ვერ გააკეთებს ვერავინ სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გარეშე. მილიარდერიც რომ ვიყო, მეც ვერ გავაკეთებ, თუ სახელმწიფომ არ გახადა პრიორიტეტული ეს დარგი,” – აღნიშნავს კოღუაშვილი.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოფლის მეურნეობაზე 69 954 000 ლარია გამოყოფილი, რაც 10 მილიონით ნაკლებია 2011 წლის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტზე.