ახალი ამბები

პარლამენტმა “საერთო სასამართლოს” შესახებ კანონი II მოსმენით მიიღო

28 აპრილი, 2016 • 1088
პარლამენტმა “საერთო სასამართლოს” შესახებ კანონი II მოსმენით მიიღო

27 აპრილს პარლამენტმა 77 ხმით 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი  “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ამ კანონპროექტის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით  “ეროვნულ ფორუმს” ალტერნატიული წინადადება ჰქონდათ მომზადებული. “ეროვნული ფორუმი” კანონპროექტის 23-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე, ასევე 32-ე მუხლის პირველ პუნქტს არ ეთანხმებოდა.

23-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

ხოლო, მეშვიდე პუნქტის მიხედვით,  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს იმავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნას ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდეგაც ამ პუნქტის შესაბამისად დროებით დანიშნულ პირს უწყდება უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.“

ამასთან, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

კანონპროექტის ამ მუხლებთან დაკავშირებით “ეროვნული ფორუმის” მომზადებული ალტერნატიული წინადადება პარლამენტმა 49 ხმით 7-ის წინააღმდგ ჩააგდო. რის შემდეგაც,  ამ თემაზე კონსულტაციის გასამართად სხდომის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. შესვენებამდე სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ განაცხადა:

“ამ საკითხებზე დებატები ხელმეორედ ვერ გაიხსნება. მე არ ვარ უფლებამოსილი რომ გავაკეთო განცხადება. გთხოვთ დაუჭიროთ ცვლილებებს მხარი,” – განაცხადა ბარამიძემ.

 

თუმცა, შესვენების შემდეგ სანდრო ბარამიძემ პოზიცია შეცვალა და შემდეგი რამ განაცხადა:

“ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ შეგვიძლია მივიღოთ წინადადება, რომ კანონს კენჭი ვუყაროთ ამ ორი მუხლის გარეშე, რომ მერე ამ ნორმების თაობაზე მსჯელობა მეორე ნორმის რეჟიმში გაგრძელდეს,”- აღნიშნა ბარამიძემ.

საბოლოოდ კანონპროექტი 77 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტს მხარ არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი