ახალი ამბები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

27 აპრილი, 2016 • 1164
ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა.

შულცის განცხადებით, შეხვედრაზე სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და მარტინ შულცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ამ პროცესში საქართველოს დამატებითი პირობების შესრულება არ მოუწევს.

“მოხარული ვიყავი, მომესმინა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არ იქნება დამატებითი წინასწარი პირობები და საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს. პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი,’- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი