ახალი ამბები

კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველით

27 აპრილი, 2016 • 1178
კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველით

“ჩვენ ვალუტის კურსის პროგნოზირებას არ ვაკეთებთ, თუმცა ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კურსზე და მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით თუ რაიმე მნიშნელოვანი შოკები არ მოხდა, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით ლარის კურსთან დაკავშირებით”, – ეს განცხადება დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში, მარტსა და აპრილში, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის სახით სულ 85 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა:

“საქართველოში მოქმედებს ლარის გაცვლის მცურავი  ანუ თავისუფალი კურსი. ეროვნული ბანკის ინტერვენეციები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მცირდებოდა.  ვფიქრობთ, რომ ეს ინტერვენციები შესაძლებელია და ალბათ კიდევ უფრო უნდა შემცირდეს მომავალში, რის შემდეგადც კურსი უფრო თავისუფალი იქნება და უფრო კარგად ასახავს ბაზრის მდგომარეობას.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი  არის ფასების სტაბილურობა ქვეყანაში. მისი ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაში უნდა იყოს ამ მანდატთან. როდესაც ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებდა, ამას არასოდეს შეუშლია ხელი ლარის კურსის ბუნებრივი მიმართულებისთვის. [ლარის] გამყარების ხარისხი შესაძლოა გარკვეულწილად შემცირებულიყო, მაგრამ მიმართულება ასევე გრძელდებოდა.  არც ძალიან მკვეთრი გამყარებაა კარგი და არც მკვეთრი გაუფასურება. ლარის მკვეთრმა გამყარებამ შესძლოა გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება, რამაც შესაძლოა ისევ უკან დაგვაბრუნოს  და ისევ პრესები წარმოქმნას ლარის კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის ამოსავალი წერტილი მის გადაწყვეტილებებში  არის ის, რომ გვაქვს მცურავი კურსი და ის ინტერვენციები, რომელიც განხორციელდება, მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დიდი რყევები აღმოფხვრილ იქნას.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს და წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს მოუწია რეზერვების გაყიდვა. რეზერვების შევსება აცუილებელია და ეს პერიოდი კარგ დროს წარმოადგენს რეზერვების შევსებისთვის, რაც მოხდა კიდევაც ბოლო 20 დღის განმავლობაში”, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი