ახალი ამბები

ბერძენიშვილი: EPP ორგანიზებულად უჭერს მხარს “ნაცმოძრაობის” წევრების შეთავაზებულ ყველა სისულელეს

27 აპრილი, 2016 • 1345
ბერძენიშვილი: EPP ორგანიზებულად უჭერს მხარს “ნაცმოძრაობის” წევრების შეთავაზებულ ყველა სისულელეს

“ევროპის სახალხო პარტია [EPP] ორგანიზებულად უჭერს მხარს ყველა სისულელეს, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ცალკეული წარმომადგენლები სთავაზობენ,” – ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას გააკეთა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპის სახალხო პარტია” შეთანხმებულად მოქმედებენ:

“ნაციონალური მოძრაობა საქართველოში, აქ, პარლამენტში  აცხადებს, რომ მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ იქ მისი პარტნიორი [ევროპის სახალხო] პარტია  ამ ყველაფერს უშლის ხელს. [ევროპის სახალხო პარტიამ] შესწორება შემოიტანა – ნუ ითხოვთ, რომ ეს [ვიზის ლიბერალიზაცია] გადაწყდეს ახლა და მოდი, არჩევნების შემდეგ გადაწყდეს. მართალია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამას არ ეთანხმებიან იქ, მაგრამ გასაგებია, რომ [ევროპის სახალხო პარტია აკეთებს ამას] მათივე მოთხოვნით. ეს გაშიფრული თამაშია,” – აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე სიტყვებით, “ევროპის სახალხო პარტია” ორგანიზებულად უჭერს მხარს ყველა სისულელეს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ცალკეული წარმომადგენლები სთავაზობენ:

” [ევროპის სახალხო პარტია] საკუთარ მოედანზე დამარცხდა და დამარცხდება პლენარულ სხდომაზეც. ეს პარტია არ არის ერთადერთი ძალა ევროპის პარლამენტში. სამწუხაროდ, ორგანიზებულად უჭერენ მხარს ყველა სისულელეს, რასაც ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წარმომადგენლები სთავაზობენ.”

ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა დავით უსუფაშვილის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 26 აპრილს, ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა არის სამი პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. მისი თქმით, პირველი, ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ. მეორე პრობლემად უსუფაშვილის აზრით, არის “ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს.” ხოლო მესამე პრობლემად “ქართული ოცნების” ზოგიერთ წევრს ასახელებს, თუმცა სახელის და გვარის გარეშე: „ქართული ოცნების“ ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას იმიტომ, რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი