თუ გაზაფხული ყველაფრის ყვავილობის დროა ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომაზე აქ ყველაფერი მწიფობაშია შესული: ცაცხვებსა და წითელ ნეკერჩხლებს სადაცაა თესლი დასცვივდებათ, ხეივნებში ბრაზილიური, თავნაყოფა ბუტია პალმის ყვითელი, ტროპიკული ნაყოფის სურნელი ტრიალებს, ციტრუსის ბაღში ლიმონი და ფორთოხალი იწყებს შეყვითლებას, მწიფს აღმოსავლური ხურმაც.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი იაპონური კამელიებისა და დიდყვავლილა მაგნოლიების ხეივნით იწყება. კამელიები ორჯერ ყვავის: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ახლა კამელიებს კვირტები აქვს და სულ ცოტა ხანში შემოდგომის ბაღი მისი ყვავილებით მოირთვება.
მცირე მანძილის გავლის შემდეგ ნეკერჩხლის ბაღში აღმოჩნდებით, წითელი და მწვანე ნეკერჩხალი აქ ერთად ხარობს და ოქტომბრის ბოლოს ათასფრად იფერება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხეივნებში ზოგან მოტკბო, მძაფრი, ვანილის მსგავსი სურნელი ტრიალებს – ეს ან ფორჩუნის ჩინური ცეფალოტაქსუსი იქნება ან იაპონური კანფეტის ხე, იგივე ტკბილი ჰოვენია – მას სხვაგვარად იაპონურ ყურძენსაც უწოდებენ. ახლა ორივეს ნაყოფი მწიფს და ირგვლივ მადისაღმძვრელ, სასიამოვნო სურნელს აფრქვევს.
ცეფალოტაქსუსის ნაყოფი ფინიკს გავს, კანფეტის ხის ნაყოფს კი ჭიაყელების ფორმით იცნობთ და მართლა კანფეტივით ტკბილია. ბოტანიკურ ბაღში კანფეტის ხეების მთელი ხეივანია.
ქვედა ბაღში აუცილებლად შენიშნავთ მწვანეში ჩაფლულ, შუშაბანდებიან ხის სახლს, რომელიც ფრანგ მებაღეს, დ’ალფონსს ეკუთვნოდა. ბათუმის ბულვარისა და მწვანე კონცხის განაშენიანება სწორედ მისი დამსახურებაა. მცირე რივიერას იდეა მწვანე კონცხზე სწორედ მას მოუვიდა პირველად, რისთვისაც სამხრეთ საფრანგეთიდან ჩამოიტანა იშვიათი, დეკორატიული მცენარეები, მათ შორის კორპის მუხა, ულამაზესი, წვრილფოთოლა არაუკარია, იაპონური კამელია, ხმელთაშუაზღვისპირეთის უიშვიათესი ხემარწყვა და ბევრი სხვა.
ფრანგი მებაღის სახლი თითქმის იმ ფორმითაა შემორჩენილი, როგორც მან დატოვა და განადგურების პირასაა, მაგრამ იგეგმება მისი გამაგრებითი სამუშაოები, რესტავრაცია, რითაც ისტორიული სახლის პირვანდელი სახე უნდა შენარჩუნდეს. მებაღეს სახლი საუკეთესო ადგილზე აურჩევია: კლდეზე შემდგარ ხის სახლს ირგვლივ შუშაბანდები აქვს და ზღვას გადაჰყურებს, სახლის ერთ მხარეს მრგვალი შადრევანია დელფინების ფიგურებით და აუზში ოქროს თევზებით.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 107 წლისაა. ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მცენარეებით განაშენიანების ინიციატორი იყო ასევე გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოგზაური პავლე ტატარინოვი. 1892 წელს მან ბათუმის სანაპიროზე 10 ჰექტარ ფართობზე გააშენა საკლიმატიზაციო ბაღი, დღეს ეს ბაღი „ზედა პარკის“ სახელით მოიხსენიება.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება ანდრეი კრასნოვის და ცნობილი ქართველი აგრონომ-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის სახელი. გორდეზიანი ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა, როცა ბათუმში მოიწვიეს. იასონ გორდეზიანის ძალისხმევით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები – ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი.
მწვანე კონცხზე ზღვა ძალიან სუფთაა, ეს ერთი შეხედვითაც იგრძნობა. ზაფხულობით აქ საბანაოდ ამოსულ ბევრ ადამიანს ნახავთ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ბაღი თითქმის ცარიელია. ზღვაში ბანაობისთვის გრილა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ბოტანიკური ბაღის აღმართებიდან ზურმუხტისფერი ხედებით დატკბეთ და დროდადრო შორს დარჩენილი ბათუმის მკრთალ კონტურებსაც დააკვირდეთ.
კლდის უზარმაზარი სიმაღლიდანაც შენიშნავთ ზღვის ზედაპირზე ათასობით მოძრავ, თეთრ ლაქას – ეს მედუზებია. ამდენ მედუზას ერთად ზაფხულში ვერასდროს ნახავთ. მედუზები ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოს ერთად მაშინ მიცურავენ, თუ წყალი ნაპირზე ძალიან სუფთაა. ახლა სწორედ ეს დრო დგას.
ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში ბამბუკის კორომებს ნახავთ, ადმინისტრაციის შენობასთან კი – კანარის ფინიკის პალმას, რომელიც ამ ჯიშის ყველაზე ასაკოვანი ხეა მთელ აჭარაში.
აქვეა ცრუქაფურის ხეები, ასწლოვანი ბიდვილის არაუკარია და ტირიფფოთოლა, უზარმაზარი ევკალიპტი, რომელსაც 5 ადამიანიც ვერ შემოაწვდენს ხელს. ბაღის ეს ტერიტორია სააგარაკე მამულად შეიძინა ბოტანიკოსმა ტატარინოვმა 1892 წელს. მისივე აშენებულია შენობა, სადაც ახლა ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული.
თუ ჩაქვის მხრიდან შეხვალთ ბოტანიკურ ბაღში, სპეციალურ სათბურამდე მიხვალთ, სადაც თითქმის ყველა იმ მცენარის ნერგის შეძენაა შესაძლებელი, რასაც ბაღის ტერიტორიაზე შეხვდებით. სათბურს აქვს სპეციალური ვებვერდი, სადაც მითითებულია, რომელი ჯიშის და რა ზომის მცენარეს შეიძენთ ამათუიმ ფასად.
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე მცენარეთა უმრავლესობა ასრულებს ყვავილობას, ბოტანიკურ ბაღში ნახავთ გვიან შემოდგომამდე მოყვავილე მცენარეებს.