საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები – ვ. ბ, ე. კ. და საქართველოს მოქალაქე დ. გ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“.
პროკურატურის ცნობით, საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები. რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.
აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის – შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი, აცხადებს პროკურატურა.
ოფიციალური ინფორმაციით, ვ. ბ-მა, ე. კ-მა და დ. გ-მ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დააკავეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სრულად ამოიღეს მითითებული თანხა.
სამივე დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა