ახალი ამბები

ვის ეშინია ეკლესიისა და ტრადიციების კრიტიკის ქართულ პოლიტიკაში

25 აპრილი, 2016 • 2335
ვის ეშინია ეკლესიისა და ტრადიციების კრიტიკის ქართულ პოლიტიკაში

გამოიწვევს თუ არა NDI-ის კვლევის ახალი შედეგები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეკლესიის მოქმედებებისა და “ქართული ტრადიციების” მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის ტაბუირებას?

“მგონია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ისედაც უკვე დიდი ხანია ტაბუ აქვთ დადებული ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე არ მახსოვს, რომ ბოლო პერიოდში რომელიმე პოლიტიკოსს ამ კუთხით ეაქტიურა. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო ფრთხილები გახდებიან და ყველა მათგანი შეეცდება, რომ უმრავლესობა არ გააღიზიანოს”, – ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP ) დირექტორი კორნელი კაკაჩია NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ახალ შედეგებს, რომლებიც ცნობილი გასულ კვირაში გახდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს მანამდე მისთვის მოსაწონ პარტიას, რომლის ლიდერებიც არჩევნებამდე 3 კვირით ადრე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამენ ეკლსიის საქმიანობის მიმართ; 64% ხმას არ მისცემს პარტიას, რომლის ლიდერებიც იტყვიან, რომ ბევრი ქართული ტრადიცია მოძველდა; 78% ხმას არ მისცემს პარტიას, რომელიც იტყვის, რომ ადამიანებს სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრის უფლება აქვთ.

რამდენიმე პოლიტიკოსს სხვადასხვა პოლიტიკური ძალიდან ვკითხეთ, იქონიებს თუ არა ეს მონაცემები გავლენას სამომავლოდ მათ პოზიციებზე დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, იტყვიან თუ არა უარს საპატრიარქოს კრიტიკაზე, როდესაც მათი აზრით, ეს რელიგიური ინსტიტუცია გასაკრიტიკებელი იქნება. “ქართული ოცნებიდან” პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ჩაწერა ვცადეთ, თუმცა მან კომენტარისთვის ვერ მოიცალა. ვერ მოხერხდა ვერც “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ჩაწერა.

სერგო რატიანი “ნაციონალური მოძრაობიდან” ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესებზე მოფიქრალი პოლიტიკოსი არ უნდა მოერიდოს თუნდაც კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას, მაგალითად, ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციის ფუნქციების გამიჯვნაა.

“როდესაც საქმე ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, როგორიცაა, მაგალითად, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ძალიან მკაფიოდ. არც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში და არც ეკლესია სახელმწიფოს საქმიანობაში”, – ამბობს სერგო რატიანი, “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, და დასძენს, რომ როდესაც სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიური ინსტიტუცია სახელმწიფოს საქმიანობაში ერევა, ეს თავად ეკლესიისთვისაც დამაზიანებელია.

“რაც შეეხება მეორე საკითხს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, აქ ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გამოვთქვამთ და ეს ცალსახაა. ადამიანის უფლებებთან მიმართებაში გვაქვს ცალსახა პოზიცია და ამ პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებთ”, – ამბობს იგი.

რატიანის აზრით, როდესაც გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ პოლიტიკოსის მხრიდან ეკლესიის საქმიანობაზე კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის წინააღმდეგია, ის ზოგად განწყობას აფიქსირებს პოპულარული რელიგიური ინსტიტუციის მიმართ, მაგრამ თუ კითხვას უფრო კონკრეტულ შემთხვევაზე დაუსვამ, პროცენტული მაჩვენებელიც შეიცვლება.

“ყოველ კონკრეტულ საკითხზე მათი შეფასებები სრულიად კონკრეტული იქნება. თუ რომელიმე ინსტიტუცია განსაკუთრებულად პოპულარულია ქვეყანაში და ნდობის ძალიან მაღალი ხარისხით სარგებლობს, ბუნებრივია, პასუხი კითხვაზე: ამ ინსტიტუციის კრიტიკა მისაღებია თუ არა, ისინი პასუხობენ ნეგატიურად, მაგრამ როდესაც კონკრეტულ შემთხვევას შეაფასებინებ, საზოგადოება კონკრეტულად გააკეთებს ამა თუ იმ მოვლენის ანალიზს და მასზე პოლიტიკოსის რეაგირებას შეაფასებს”,- ამბობს რატიანი.

ანი მიროტაძე “ეროვნული ფორუმიდან” ამბობს, რომ მისთვის ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, მიზანმიმართული და მასობრივი კრიტიკა მიუღებელია, თუმცა კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ სასულიერო პირის, ან სასულიერო პირთა ჯგუფის ქმედებების შეფასებას არ მოერიდება, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის:

“თუ საუბარია მიზანიმართულ კამპანიაზე და ეკლესიის საქმეებში ჩარევაზე, მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვარ ასეთი ჩარევების… ეკლესიის მხრიდანაც წინააღმდეგი ვარ, თუ არაა სახელმწიფოს საქმეში ჩასარევი, მაგრამ ძალიან კარგად იციან (ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდნენ) ამ ქვეყანაში სასულიერომაც და საერო ხელისუფლებამაც თავისი სამოქმედო არეალი. ამიტომ, თუ მასობრივი ხასიათი ექნება ეკლესიის კრიტიკას, პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ თუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის მიუღებელი იქნება კონკრეტული სასულიერო პირის ან სასულიერო პირთა ჯგუფის ქმედებები, ნამდვილად არ მოვერიდები ამ საკითხზე საუბარს. არ მგონია, რომ ეს ტაბუდადებული თემა იყოს საზოგადოებაში”, – რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, რომელიც “ქართულ ტრადიციებსა და სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბარს ეხება, მიროტაძის თქმით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და ისაუბროს იმაზე, რაზეც სურს, თუ კანონს არ არღვევს.

“რაც შეეხება იმას, საჭიროებს თუ არა ესა თუ ის ტრადიცია გადახედვას, არ მგონია, საზოგადოება მაინცდამაინც ჩაჭიდებული იყოს იმას, რომ არა, ეს არ უნდა შეიცვალოს. როცა დრო იცვლება, თაობებს შორის მაგ საკითხზე ხშირად იწყება დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობაც ჩნდება, მაგრამ არ მგონია, რომ ამან საზოგადოება დაანგრიოს… პირიქით, უკეთესია, თუ ამა თუ იმ ტრადიციასთან დაკავშირებით არგუმენტირებული მტკიცებულებები იქნება, შეცვლის მომხრეების მხრიდან”, – ამბობს მიროტაძე. პირადად იგი ვერ იხსენებს ტრადიციას, რომელიც მისი აზრით მოძველებულია.

“არსებობს ბევრი ტრადიცია, რომელსაც შესაძლოა მე არ მივდევდე, მაგრამ პატივს ვცემ იმიტომ, რომ შეიძლება სხვა ადამიანისთვის იყოს მნიშვნელოვანი. ეს ჩემი ვადლებულებაა, როგორც მოქალაქის”, – აცხადებს იგი. მიროტაძის თქმით, ადრეულ ასაკში თინეიჯერების დაქორწინების გადაწყვეტილება მშობლის მხრიდან არა ტრადიციის დაცვა, არამედ ძალადობაა, რომელიც კანონით ისჯება.

“რატომ უნდა გავაკრიტიკოთ ეკლესია და საერთოდ რელიგიური კონფესიები, ვერ ვხვდები ამას”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე მმართველი კოალიციიდან. კითხვას, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის ინიციატივით დაირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუციას შორის განსაზღვრული ბალანსი, ამ დროს როგორი იქნება მისი რეაქცია, დეპუტატი ამბობს:

“ეგ კრიტიკის საგანი არ არის. კონკორდატი გაფორმებულია. ამ ყველაფრის სამართლებრივი რეგულაციები არსებობს და  თეორიულად კანონი ყველამ შეიძლება დაარღვიოს. ეს არ არის ეკლესიის კრიტიკის საგანი. ეკლესია არის მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუცია, რომელიც 17 საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა და ყველანაირი პატრიარქი შეიძლებოდა ქვეყანას ყოლოდა. მიქაელმა კვერთხი ჩაარტყა ვახტანგ გორგასალს რაღაცის გამო. ვახტანგი ცუდი მეფე არ იყო, მაგრამ ეკლესიას თავისი მოსაზრება ჰქონდა. ინსტიტუციის კრიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ არის სწორი და არც ერთი პოლიტიკოსი არც ერთი კონფესიის კრიტიკით არ უნდა გამოვიდეს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ვიქტორ დოლიძისთვის მოსახლეობის ასეთი განწყობა  სიახლე არ არის. მისი თქმით, ეკლესიაზე შეტევა სწორი არ არის: “ეკლესია და კერძოდ პატრიარქი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ვიღაცას შეიძლება რაღაც ელემენტები მოსწონდეს, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა რომ საზოგადოებაში დადებითად არ იქნება აღქმული – ეს არახალია არავისთვის, ამას კვლევაც არ სჭირდება და საერთოდ არ არის სწორი ამგვარი შეტევა.” დეპუტატის განმარტებით, “თავისუფალი დემოკრატები” ურთიერთჩაურევლობის პრინციპით თანამშრომლობას უჭერენ მხარს, რაც კონკორდატით არის გათვალისწინებული: “თავისუფალი დემოკრატების ხედვა ნათელია. არსებობს კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს და არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ისევე როგორც პირიქით. ეს არის [კვლევის] აბსოლუტურად ადეკვატური შედეგი”.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც სექსუალურ ორიენტაციაზე ადამიანების ღიად საუბრის უფლებას ეხება, ვიქტორ დოლიძის განმარტებით, სხვისი სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც პირადი ცხოვრება, არავის საქმეა და მასში “ხელების ფათური” უნდა დასრულდეს: “შეიძლება ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი სხვანაირად ფიქრობდეს, რასთანაც არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამავდროულად, იმასაც ვიტყვი, რომ საერთოდ არავის საქმე არ არის ვინმეს სექსუალური ორიენტაცია და, რაც ყველაზე მთავარია, პირადი ცხოვრება. პირად ცხოვრებაში ხელების ფათური ძალიან ცუდ ტენდეციად იქცა ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორიც ვიყავით, მაგრამ ამავე დროს ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორიც, რადგან მიგვაჩნია, რომ ქორწინება ქალს და კაცს შორის კავშირია.”

კორნელი კაკაჩიას აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია, მათ შორის ისინიც, ვისაც დეკლარირებული აქვთ სახელმწიფოს მოწყობის სეკულარული პრინციპები, მოერიდება ისეთ განცხადებებსა და ქმედებებს, რაზეც იცის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობისგან ნეგატიურ რეაქციას მიიღებს. იგი ამ ყველაფერს ურთიერთდაკავშირებულ პროცესად ხედავს, როდესაც, ერთი მხრივ, პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობას ასეთი მიუღებლობა ახასიათებს თუნდაც ეკლესიის საქმიანობის კრიტიკის მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრს არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საკუთარ ამომრჩეველს აუხსნან, თუ როგორია მათი ხედვა [ასეთის არსებობის შემთხვევაში], მათ შორის სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუციასთან ურთიერთობების თვალსაზრისით რიგ საკითებში.

“პრობლემა არის ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში [სურვილის შემთხვევაშიც კი] ამას ვერც ერთი პარტია თავის თავზე ვერ აიღებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თუ რომელიმეს აქვს გარკვეული პოზიცია და სათქმელი [სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის საკითხზე], ის მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს თავის ამომრჩეველთან: ბლოგპოსტები წერონ, სტატიები გამოაქვეყნონ, შეხვდნენ ამომრჩეველს, თუ ეს საკითხი მათთვის პრინციპულია, და სოციალური ქსელებით განუმარტონ თავიანთი იდეები ამომრჩევლებს. საარჩევნო პერიოდში, ალბათ, ეს რთული იქნება”, – ამბობს პოლიტოლოგი.

“გულუბრლყვილო იქნება, რომ პარტიებისგან ველოდოთ ინიციატივას”, – ამბობს გია ნოდია, პოლიტოლოგი, რომელსაც ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები და პარტიები შეეცდებიან ისეთი რამის თქმისგან თავი შეიკავონ, რაც არაპოპულარული იქნება:

“პარტია შეიძლება კონკრეტულ საკითხში არ დაეთანხმოს ეკლესიას ან გადადგას ნაბიჯი, რაც ეკლესიას არ მოეწონება, მაგრამ ამავე დროს ამას თან დაურთავს მორიგების გამომხატველ სხვა ჟესტებს. დემოკრატია არის ისეთი სისტემა, სადაც უმრავლესობის აზრი წყვეტს. როდესაც უმრავლესობა ეკლესიას უმაღლეს ავტორიტეტად აღიარებს, მას პრინციპულად პარტიები ვერ დაუპირისპრდებიან, მაგრამ ცვლილება შეიძლება მოდიოდეს საზოგადოებდიან, საზოგადოებრივი ფიგურებიდან, რომლებსაც არ სჭირდებათ არჩევნებში გამარჯვება და არ შეეშინდებათ არაპოპულრალი რაღაცების თქმა”, – აღნიშნავს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი