ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა და პრემიერ-მინისტრმა

23 აპრილი, 2016 •
რა საკითხები განიხილეს აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა და პრემიერ-მინისტრმა

მთავრობის ადმინისტრაციაში სტუდენტური ჯგუფის, აუდიტორია #115-ის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც ესწრებოდა;

“პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება, ცხადია, დისკუსიების ფონზე… ჩვენი მოკლევადიანი გეგმებია: თვითმმართველობის ცალკე მდგომი სტრუქტურა [უნდა] გაუქმდეს და მათ მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის ფუნქცია დარჩეთ; აკადემიური საბჭოს გაფართოება; რექტორის არჩევის წესის ცვლილება და ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ ჰქონდეს რექტორად კენჭისყრის უფლება”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ. მის კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

“ჩვენ ვიზრუნებთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და ბევრი სხვა საკითხის განხილვა, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას უკავშირდება. მასში ჩაერთვებიან პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ეს პლატფორმა მუდმივად იარსებებს და აზრთა გაცვლა მუდმივად მოხდება”, – თქვა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

სტუდენტები ამბობენ, რომ შეხვედრაზე დაისვა მათ მიმართ “უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებული ზეწოლის საკითხი”.

“პრემიერი დაგვეთანხმა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება არსებობდეს, რასაც თვითონ ვერ გამორიცხავს, რადგანაც სტრუქტურის ფორმირება ხდება წინა ხელისუფლებიდან დღემდე. ამიტომ შეიძლება ძვრები არსებობდეს”, – ამბობს სტუდენტი ნათია ქარჩილაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი