ახალი ამბები

ქართველ ძიუდოისტთა 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს

22 აპრილი, 2016 • 1750
ქართველ ძიუდოისტთა 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს

22 აპრილს, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ესტერ სტამი (-70 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონმა და ევროპის 3-გზის გამარჯვებულმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევთან ვაზარით დათმო, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან 4 გაფრთხილებით დამარცხდა, ესტერ სტამმა კი მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის, ფრანგი ჟერვის ემანის წინააღმდეგობა ვერ გადალახა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს სახელით მოჭიდავე სტამის წარმატება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მან ფინალში გასასვლელად რამდენიმე აშკარა ფავორიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვება შეძლო.

ოქროს მედლისათვის ბრძოლას 1/4 ფინალში თანაგუნდელ ლაშა შავდათუაშვილთან მარცხით გამოეთიშა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში განაგრძო ასპარეზობა და ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედარში რუს დენის იარცევს იპონით სძლია.

შედეგად, 2 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. 21 აპრილს 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში წაგებული შეხვედრის შემდეგ. ფოტო: european judo union

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში წაგებული შეხვედრის შემდეგ. ფოტო: european judo union

 

23 აპრილს მედლები მამაკაცთა შორის -90, -100 და + 100 კგ წონით კატეგორიებში, ქალთა შორის კი -78 და +78 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს სახელით ხვალ ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ), მსოფლისოა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+ 100) იბრძოლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი