ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. სპეცუბნების საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 აპრილი, 2016 • 1156
იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. სპეცუბნების საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”. ამ კანონპროექტის მიღების მიზანი   ე.წ. სპეცუბნების საკითხის რეგულირებაა.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.

ასევე, კონკრეტდება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც რჩება სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობა 50-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში. ესენია: სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულებები(პატიმრებისთვის და მსჯავრდებყლებისთვის), საავადმყოფოები და სხვა სტანციონარული სამკურნალო დაწესებულებები, სათნოების სახლები, მიუსაფართა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სხვა სოციალური მიზნის დაწესებულებები. ხოლომ თუ ამ დაწესებულებებში ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, ის მიემაგრება უახლოეს საარჩევნო უბანს.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, როგორც წესი, მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

კანონპროექტით, ზემოაღნიშნული პირებს შეიყვანენ სპეციალურ სიაში და ხმას მისცემენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ უბანზე, თუ მათი სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე. ხოლო იმ პირებს, რომელთაც სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დისლოკაციის ადგილის/სამსახურის დატოვება, მიეცემათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არჩევნების დღისათვის, მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით განთავსებულია დისლოკაციის ადგილზე, ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

ამასთან, შუალედურ, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებმაც შესაბამის ბოლო, მორიგ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს იმავე სპეცსიით.

ხოლო სპეციალურ საარჩევნო სიებში შეყვანილ პირთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესის დამატებითი  გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მათი საარჩევნო უფლების დაცვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი იქნებიან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრონ იმ მოსამსახურეების სამსახურეობრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, მათი სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის, ასევე მათთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის წესის მიხედვით.

“კანონპროექტის მიზანია საარჩევნო პროცედურების დახვეწა, სპეციალური საარჩევნო უბნების და სპეციალური საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენცია, სპეციალურ სიებში შეყვანილი პირების საარჩევნო უფლების დაცვა, მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილება, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის მინიმიზაცია,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 7 მარტს დარეგისტრირდა.

კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობდა “თავისუფალი და სამართლიანი” არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პროცესში მონაწილეობდნენ იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ასევე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წამომადგენლები.

“საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია”, – მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას 25 იანვარს განაცხადა

პრემიერის ამ განცხადებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურნენ.

“მეტი სიცხადისთვის უნდა განვმარტოთ, რომ სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც წლების განმავლობაში არსებობს სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანზაციებმა გაავრცელეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი